“ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ პასუხობდა იმ კონკრეტულ შეკითხვებს, რომლებიც შეიძლება საზოგადოებაში არსებობდეს”

“ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სამოქალაქო სექტორი არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისა და ინსტიტუტების შემდგომი განვითარებისთვის”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალიან კონკრეტული და პასუხობდა იმ კონკრეტულ შეკითხვებს, რომლებიც შეიძლება საზოგადოებაში არსებობდეს.
„ამავე დროს, პარტიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გამოხატა ის პრიორიტეტი, რომელიც გვაქვს, რომ გვჭირდება ინსტიტუტების კიდევ უფრო გაძლიერება. როდესაც „ქართული ოცნების” მიდგომაა, რომ მოხდეს ქართული პოლიტიკის მაქსიმალურად დეპერსონიფიცირება და გადართვა იმ რეჟიმზე, როდესაც ვსაუბრობთ, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ინსტიტუტები, როგორ მოხდეს მათი მუშაობის ხარისხის დაახლოება ევროპულ სტანდარტთან, ვხედავთ, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ექაჩებიან უკან, სადაც ადგილი ჰქონდა მხოლოდ პერსონიფიცირებულ პოლიტიკას და იქ დემოკრატიული ინსტიტუტების როლი და ადგილი იყო ძალიან შეზღუდული. სწორედ ეს გახლდათ მთავარი მესიჯი. ჩვენი პოლიტიკური გუნდის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საქართველოში ინსტიტუტების გაძლიერება და ის, რომ ქართული პოლიტიკა პერსონიფიცირებული არ იყოს ასეთ დონეზე. ეს არ არის კარგი ქართული დემოკრატიისთვის. ვფიქრობ, პარტიის თავმჯდომარის განცხადებები იყო ძალიან კონკრეტული ამ საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, პრემიერის განცხადებით, მმართველი პოლიტიკური გუნდი სამოქალაქო საზოგადოებასთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მათ რეკომენდაციებს რეფორმების განხორციელების პროცესში.
„ჩვენ გვაქვს რეფორმების ახალი ტალღა და როგორ ფიქრობთ, არ ვართ დაინტერესებული იმით, რომ მივიღოთ კონკრეტული რეკომენდაციები ამა თუ იმ რეფორმაზე, როგორ დავნერგოთ ის იმდაგვარად, რომ საუკეთესოდ პასუხობდეს საზოგადოების ინტერესებს, რაც შეიძლება ვერ დავინახოთ და მოგვცენ რეკომენდაციები. რას ვხედავთ საპასუხოდ? საპასუხოდ, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლისგან ჩვენ გვესმის პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები. ამავე დროს, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს პროცესი ამავე დროს არის გარკვეული წინაპირობაც იმისთვის, რომ ჩვენ ინსტიტუტების მშენებლობაში ვიყოთ წარმატებული. მაგრამ როცა ასეთ კომუნიკაცია გადადის ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურად ანგაჟირებულ განცხადებებში, ამის მოსმენა ნამდვილად არ არის კარგი და ეს არ არის საქართველოსი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის კიდევ უფრო განმტკიცების საქმეში”, -აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები