ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუზე ამჯერად “მაესტრო”, “ობიექტივი”, “პალიტრა NEWS”, “კავკასია”, “იბერია TV” და “რუსთავი 2” მიიწვია

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს, რომლის ფარგლებშიც 26 ოქტომბერს, 11:00 საათზე, იწვევს საქართველოში მოქმედი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებს:“მაესტრო”, “ობიექტივი”, “პალიტრა NEWS”, “კავკასია”, “იბერია TV”.  ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
“საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მოწოდება მინიმალური მედიასტანდარტის დაცვისა და განსხვავებული აზრის პატივისცემისკენ, ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის მიერ შეფასებული იქნა როგორც მუქარა და სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის მცდელობა. სწორედ ამიტომ, პარტიის თავმჯდომარე “რუსთავი2”-ს 26 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრაზეც იწვევს, რათა ამ ტელევიზიას მიეცეს საშუალება, ნებისიერ თემაზე დასვას კითხვები და შეასრულოს განსხვავებული აზრის საკუთარ მაყურებლამდე მიტანის ვალდებულება. ინტერვიუს საერთო სიგნალს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ უზრუნველყოფს და პირდაპირ რეჟიმში ყველა დაინტერსებულ მედიასაშუალებას მიაწვდის. შეხვედრა “ტექნო პარკში” გაიმართება”,- აცხადებენ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პრესსამსახურში.
ბიძინა ივანიშვილი მედიასთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში მომავალშიც განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები