სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები: ჩვენზე სამსახურიდან არანაირი ზეწოლა არ ყოფილა

ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ ჩანაწერებში მონაწილე ერთ-ერთი პირი, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელი, შოთა კარასაშვილი აცხადებს, რომ მას გამოკითხვისთვის დაუკავშირდნენ და სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის დავალების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
“მე, როცა დამირეკეს, მკითხეს არჩევნებზე ვინები მიდიხართო? ვუთხარი ჩემი ოჯახის წევრები, ყველა მივდივართ, უფლება გვაქვს, რომ წავიდეთ და გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი-მეთქი. ვის აძლევ ხმასო? სალომე ზურაბიშვილს-მეთქი. ჩემს სამსახურს არ უთქვამს ის, რომ შენ ვალდებული ხარ ხმა მისცე მასო. ორ შვილს ვფიცავარ, არავის არ უთქვამს, ზეწოლა არ ყოფილა ჩემი სამსახურიდან ვინმესგან. ხატის წინაშე შემიძლია დავიფიცო, რომ ჩემი სამსახურიდან არანაირი ზეწოლა არ ყოფილა”, – აცხადებს შოთა კარასაშვილი.

ზეწოლის ფაქტს უარყოფს სატრანსპორტო კომპანიის კიდევ ერთი თანამშრომელი, სტელა ხაჩატურიანი.

“იცით რა, დავალება არ იყო მითითებული რომ ამას და ამას მიეცით ხმა, უბრალოდ, ხომ მიდიხართ არჩევნებზე და ოჯახის წევრი რამდენი ხართო? – მარტო ეს იყო და ვთქვი, რომ კი, ოთხნი ვართ და მივდივართ, მაგრამ იმას მიეცით ხმა და იმასო არ იყო. მე ის ვიგულისხმე, რომ სატრანსპორტო კომპანიიდან კი დარეკეს, მაგრამ არ უთქვამთ იმას და იმას მიეცით ხმა. უბრალოდ, მიდიხართ თუ არა არჩევნებზე და მარტო ეგ”, -აცხადებს სტელა ხაჩატურიანი.

ცნობისთვის, “რუსთავი 2”-ის ეთერში გავიდა “გაერთიანებული ოპოზიციის” მიერ გავრცელებული ჩანაწერი, რომელშიც ჩანაწერის ავტორი სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს, შოთა კარასაშვილსა და სტელა ხაჩატურიანს “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის სტატუსით ეცნობა. ჩანაწერის ავტორი კომპანიის თანამშრომლებს ეკითხება, მიიღეს თუ არა დავალება სატრანსპორტო კომპანიიდან, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა მივიდნენ და ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები