ეკა ლალიაშვილი: ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება სერიოზული რისკის და საფრთხის ქვეშაა

თუ ტრანსპორტის ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა ჩაგვივარდა, სათანადოდ ვერ განხორციელდა და ეს იქნა ფასადური, ეს თუნდაც „მწვანე პოლიტიკის“ დიდი კრახი იქნება, – ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მიწისზედა მეტროს პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
ეკა ლალიაშვილის თქმით, ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა სერიოზული რისკის და საფრთხის ქვეშ არის.
„მწვანე პოლიტიკის ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ტექნიკური ინსპექტირება, რომელზეც გუშინ არცერთი სიტყვა ნახსენები არ ყოფილა. ჩვენ „მწვანე პოლიტიკაში“ ვგულისხმობთ ტრანსპორტის გაჯანსაღებას, ზოგადი კონცეფცია ეს არის. დღეს ჰაერის ერთერთი დამაბინძურებელი ავტოტრანსპორტია და ტექნიკური ინსპექტირება, რომელიც დღეს მიმდინარეობს, სერიოზული რისკის და საფრთხის ქვეშ არის. ჩვენ ბოლოდროინდელი ინფორმაციითაც ვიცით, რომ გარკვეული დარღვევების აღმოჩენის შედეგად დიდი კითხვის ნიშნებია, როგორ მიმდინარეობს პროცესი, თუ როგორ იქნება მომავალი წლიდან ყველა კატეგორიის ავტომობილისთვის განხორციელებული და ეს მოსალოდნელიც იყო, მაგრამ შემდეგი ნაბიჯების დაგეგმვაც მნიშვნელოვანია. როდესაც პრემიერი საუბრობს 2000 ელექტროავტომობილის შემოყვანზე, უბრალოდ, რაც ჩვენ დღეს გვაქვს და რაც შეიძლება იყოს ჰაერის გაჯანსაღების და ავტოტრანსპორტის გაუმჯობესების კუთხით, ამაზე გვინდა, მოვისმინოთ განცხადებები, როგორ განვახორციელოთ რეფორმა ეფექტიანად. თუ ჩვენ ტრანსპორტის ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა ჩაგვივარდა, სათანადოდ ვერ განხორციელდა და ეს იქნა ფასადური, ეს თუნდაც „მწვანე პოლიტიკის“ დიდი კრახი იქნება. ამიტომ ვისურვებდი, შემდეგი ნაბიჯები გაცხადებული იყოს. კითხვები რაც არსებობს, უნდა გავაქარწყლოთ და ხელისუფლების მხრიდან მოვისმინოთ, რა ნაბიჯებს გეგმავს იმისთვის, რომ ტექინსპექტირება იყოს სათანადოდ განხორციელებული “, – განაცხადა ლალიაშვილმა.
მისივე თქმით, ტექდათვალიერების ადმინისტრირება ამ კუთხით ერთერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.
„ინსპექტირების ადმინისტრირება შესაძლებელია ქუჩაშიც მოხდეს სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ამას ფინანსური რესურსი სჭირდება. თუ პრემიერი მზად იქნება იმისთვის, რომ კონტროლის ქვეშ აიყვანოს ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ამისთვის ბიუჯეტი გამოიძებნება, რომ ტექინსპექტირება სათანადოდ განხორციელდეს. ამას მხოლოდ საპატრულო პოლიცია ვერ განახორციელებს. აქ თუ არ ჩავრთეთ ისეთი ტექნოლოგიები, რომელიც აპრობირებულია სხვა ქვეყნებში, სხვა შემთხვევაში რეფორმა ჩაგვივარდება. დღეს ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ რეფორმა ჩავარდნილია, კიდევ გვაქვს შანსი, რომ ხარვეზები, რომელიც არის, გამოვასწოროთ. თუმცა, გამოწვევებზე თუ სათანადო პასუხი არ გვექნება, ძალიან დიდი რისკია, რომ რეფორმა მომავალ წელს ჩაგვივარდეს“, – განაცხადა ლალიაშვილმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საგამოძიებო სამსახურმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ყალბი ანგარიშების გაცემის ფაქტები გამოავლინა.
„გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქალაქ თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში გამოვლინდა ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი 10 ცენტრი, რომლის თანამშრომლები როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას, მიუხედავად მათი ვიზუალური ან/და ტექნიკური დაზიანებებისა, ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბ ანგარიშებს გასცემდნენ”, – განაცხადეს ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები