თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა ბრალდებულის ოჯახზე – “მეგონა, კიდევ რაღაც სინანულის გრძნობა აწუხებდათ”

“მეგონა, კიდევ რაღაც სინანულის გრძნობა აწუხებდათ. არც კი მოუსამძიმრებიათ. ირონიულად საუბრობდნენ”, – ამის შესახებ 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულის მამის დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ლადო გრიგალაშვილის ბებია და მამა დაკითხა. ლადო გრიგალაშვილის მამა, ზაქარია გრიგალაშვილი მკვლელობის დროს ერთ-ერთ რაიონულ სამმართველოში პატრულ-ინსპექტორად მუშაობდა.
„ვიცოდი, რომ ახალს არაფერ იტყოდნენ, ისინი არიან ნამუსგარეცხილი ხალხი. სანამ ლადო გრიგალაშვილის დედა დაიკითხებოდა, მეგონა, კიდევ რაღაც სინანულის გრძნობა აწუხებდათ. არც კი მოუსამძიმრებიათ. ირონიულად საუბრობდნენ. ჩვენებაში თქვეს, რომ ღირსეული შვილი ჰყავთ და ანგელოზად გამოიყვანეს. როგორც ზაქარია გრიგალაშვილმა თქვა, მან საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა. შეხვედრაზე მინისტრი მე დამპირდა, რომ გაერკვეოდა სიტუაციაში, თუმცა რა მოხდა იქ, უკვე აღარ ვიცი“, – განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
20 წლის ანა ნაცვლიშვილი მიმდინარე წლის 21 თებერვალს მოკლეს. მას ცივი იარაღით თავისა და კისრის არეში მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.
22 თებერვალს, ცხელ კვალზე, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მისი მეგობარი ლადო გრიგალაშვილი დააკავეს.
გრიგალაშვილი ამ დრომდე ბრალს არ აღიარებს. მამის კუთვნილი ავტომობილიდან ამოღებულია დანა, რომელზეც გამოძიების ინფორმაციით, მოკლულის სისხლის კვალია აღმოჩენილი.
პროკურატურის ინფორმაციით, ცივი იარაღი მამის ავტომობილში სწორედ ლადო გრიგალაშვილმა დამალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები