ნანა კაკაბაძე: მოსასმენი აპარატურა ჩვენს ოფისში ნაციონალებმა დააყენეს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პატიმრები – ადამიანის უფლებებისათვის“ ოფისში მოსასმენი აპარატურა აღმოჩნდა. ამის შესახებ ორგანიზაციის თავმჯდომარემ, უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ოფისში არსებული მოსასმენი აპარატურა ნაციონალებმა დააყენეს.
„ჩვენს მაღლა სართულზე მდებარეობს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ძალიან დიდ ეჭვს იწვევს! ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია „რელიგიური თავისუფლების კვლევის ცენტრი“, რომელსაც ხელმძღვანელობს ვინმე არჩილ მეტრეველი. ისინი შენობაში გადმოვიდნენ ცოტა ხანში, მას შემდეგ, რაც ჩვენ იქ ოფისი ავიღეთ. გადმოვიდნენ თუ არა, რამდენიმე დღეში დაიწყეს სარემონტო სამუშაოები, თუმცა, ახლა რომ ვფიქრობ, ეს იყო რემონტის იმიტაცია, რათა მოსასმენი აპარატურის დაყენების პროცესი შეენიღბათ. სხვათა შორის, ჩვენმა თანამშრომლებმა რამდენჯერმე შენიშნეს, რომ ჩვენს მაღლა სართულზე მდებარე საეჭვო ორგანიზაციას „ნაციონალი“ გოგა ხაჩიძე სტუმრობდა! მე პირადად შემიძლია ვთქვა, რომ ეს მოსასმენი აპარატურა ჩვენს ოფისში ახალი დაყენებულია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ იგი დაყენებულია „ნაციონალების“ მიერ!“ – ამბობს კაკაბაძე.