ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის სცენაზე სადიპლომო სპექტაკლის პრემიერა გაიმართება
19 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ილიაუნის თეატრის სცენაზე სადიპლომო სპექტაკლის – „თარგმანების“ პრემიერა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ილიას უნივერსიტეტიდან აცნობეს, „თარგმანები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სადიპლომო სპექტაკლია.
1833 წელი. ირლანდიის პატარა დასახლება ბეილი ბეგი დიდი ცვლილებების წინაშე დგას: ღარიბთა სკოლას, რომელშიც ირლანდიულად, ლათინურად და ბერძნულად ასწავლიან, მალე ბრიტანული განათლების სისტემის ინგლისურენოვანი სკოლა ჩაანაცვლებს. ირლანდიური ტოპონიმების მოსაწესრიგებლად და გასაგებ, მიღებულ, დახვეწილ ინგლისურზე გადასათარგმნად კი სამხედრო ინჟინრები ჩამოდიან.
ნუთუ შესაძლებელია მარცვალ-მარცვალ გადათარგმნო კულტურა და ტრადიციები? რა ძალა აქვს ენას? რა გავლენა აქვს მას უბრალო ადამიანებზე? თუ ლამაზ გოგოს მის ენაზე არ ეტყვი მიყვარხარო, ნაკლებად ხომ არ გეყვარება. ნუთუ მხოლოდ ენაა საკმარისი, რომ საკუთარ ძმას, მეზობელს, მეგობარს ჭეშმარიტება შეაგნებინო…
ქვეყანაში, რომელმაც საკუთარი ენის შესანარჩუებლად მრავალი ქარტეხილი გამოიარა, ირლანდიის „გადათარგმნის“ დრამატული ამბავი განსაკუთრებული სიმძაფრით ჟღერს.
მთარგმნელი – დავით გაბუნია;
რეჟისორი – ლუკა ინწკირველი;
დადგმის ხელმძღვანელი – ვანო ხუციშვილი;
მხატვარი – თეო კუხიანიძე;
ტექნიკური რეჟისორი – ელენე გაბისონია.
მონაწილეობენ: ლუკა ახალაძე, მარიამ ბალახაძე, გივიკო ბარათაშვილი, ლიკა ბარბაქაძე, ირაკლი კერესელიძე, გიორგი მაქაძე, თინათინ ნიკოლაშვილი, გიორგი ქორიძე, ანი შურღარია, გიორგი ცერცვაძე.