მესტიაში ნაკიფარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფარში X საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის დარბაზულ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ძეგლმა  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 19 სექტემბრის  ბრძანებით მიიღო.
ნაკიფარის წმ. გიორგის ეკლესია რეგიონის სატაძრო ხუროთმოძღვრების უნიკალური ნიმუშია. X საუკუნეში აგებული ეკლესია შემაღლებულ ადგილზე, ქვის ზღუდით შემოვლებულ ეზოში დგას. მოზრდილი ნატეხი ქვით ამოყვანილი ზღუდე სანახევროდ მორღვეული და ბალახმოდებულია; ზღუდის შიგნით, სასაფლაოთა შორის, შთამბეჭდავად ამოზრდილია შირიმის ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია, რომელიც სვანეთის ქრისტიანულ სალოცავებს შორის საფასადო მხატვრობის ერთ-ერთ ადრეულ ნიმუშს წარმოადგენს, ხოლო სრულიად გამორჩეულია – საფასადო სკულპტურის არსებობის თვალსაზრისით.
მწყობრი პროპორციების ტაძრის ფასადები სწორკუთხა გეგმარებისაა, რომლის ინტერიერშიც აღმოსავლეთის ნახევრადწრიული აფსიდია ჩაწერილი. ეკლესია ერთსაფეხურიან ცოკოლზეა დადგმული; ძუნწად დანაწევრებული კედლები მარტივად პროფილირებული კარნიზით სრულდება (კარნიზი შედგენილია წაგრძელებულ სწორკუთხედებად დაჭრილი, მომცრო, თლილი ფილებით).
ნაგებობის დარბაზული სივრცის ძირითადი ნაწილი დახურულია მაღალი, ორქანობიანი სახურავით, ხოლო სამხრეთ-დასავლეთ ფასადებზე მიდგმული სტოა – ცალქანობა გადახურვით. ამჟამად გადახურვა მთლიანად თუნუქისაა. აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძზე წაგრძელებულ დარბაზულ ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს – დასავლეთიდან და სამხრეთიდან. კირ-დუღაბზე ამოყვანილი და ნატეხი ქვით ნაგები ეკლესია შირიმის თლილი კვადრებით არის მოპირკეთებული.
სრულიად გამორჩეული მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტით იქცევს ყურადღებას ტაძრის აღმოსავლეთ ფასადი. საფასადო კომპოზიცია მასიური, შვერილი პილასტრებით შედგენილ სამთაღედს ეფუძნება; ფასადის მხატვრული გადაწყვეტის ღირსებას წარმოადგენს მისი ფრესკებითა და ზოომორფული სკულპტურული თავებით გამშვენიერება. შუა საუკუნეების ქართულ მონუმენტურ ხელოვნებაში სრულიად უნიკალურად აღიქმება ნაკიფარის წმ. გიორგის ეკლესიის ექსტერიერი და მისი მხატვრული გადაწყვეტა, როგორიცაა სკულპტურული და ფერწერული დეკორის ერთიან კომპოზიციად გააზრება.
გამორჩეული მნიშვნელობისა ტაძრის ინტერიერის მოხატულობა, რომელიც სვანური ფერწერული სკოლის აყვავების ხანას მიეკუთვნება. გამოკვეთილი ხელწერისა და ხაზგასმულად ექსპრესიული მონუმენტური მხატვრობა 1130 წელს შეასრულა მეფის მხატვარმა თევდორემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები