საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსის „პენმარათონი 2018“-ის დაჯილდოების ცერემონია ფრანკფურტში გაიმართა
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, „საქართველო – საპატიო სტუმარი ქვეყნის“ პროექტის ფარგლებში, „პენმარათონი 2018“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. დაჯილდოება, გამომცემლობა „დიოგენეს“ ორგანიზებით, საერთაშორისო, ქართულ-გერმანულ ფორმატში ჩატარდა.
ჟიურის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 3 ქართველი და 3 გერმანელი პრიზიორი.
ქართველი ავტორები:
I პრემია – 3000€ -ირმა მალაციძე
II პრემია – 2000€ -ალეკო შუღლაძე
III პრემია – 1000€ -მინდია არაბული
გერმანელი ავტორები:
I პრემია – 3000€ –იანა ფოლკმანი
IIპრემია – 2000€ –სიმონა ჰარმაინეკე
III პრემია – 1000€ –სარა ბერგერი
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ტერიტორიაზე, საქართველოს – საპატიო სტუმარი ქვეყნის – პავილიონში მოეწყო კონკურსის შედეგად შექმნილი 10 საუკეთესო ნაწარმოებისაგან შედგენილი ორენოვანი (ქართულ-გერმანული) კრებულის პრეზენტაციაც. კრებულში შესულია მინდია არაბულის, ნინო გუგეშაშვილის, თეა თოფურიას, ირმა მალაციძის, ალეკო შუღლაძის, სარა ბერგერის, ტილო დირკესის, სიმონა ჰარმაინეკეს, ლასე კოლმაიერის, იანა ფოლკმანის მოთხრობები.
ორიგინალური ფორმატის ლიტერატურული კონკურსი „პენმარათონი“ შვიდჯერ ჩატარდა საქართველოში.
პროექტის მიზანია ლიტერატურული ცხოვრების გამრავალფეროვნება, ახალი სახელების აღმოჩენა და მხატვრული პროზის საინტერესო ნიმუშების შექმნა ცოცხალი შეჯიბრის პროცესში.
ამ კონკურსმა ხელი შეუწყო საქართველოში ლიტერატურული პროცესის განვითარებას და გამოკვეთა ახალი ტენდენციები.
პროექტის მხარდამჭერები არიან: გერმანული მხრიდან − ფრანკფურტის მედია-კამპუსი და mojoreads.com, ქართული მხრიდან − საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, სასტუმრო კომპლექსი „მაროშენი“, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი, საზღვაო-სატრანსპორტო კომპანია MSC, ტელეკომპანია „იმედი“, რადიო „ფორტუნა“, „ნეტგაზეთი“, გამომცემლობები: „სიესტა“ და „შემოქმედი ანგელოზი.“