საჩხერის მუნიციპალიტეტში ფესტივალი „ქართული საგალობლები“ დაიწყო

საჩხერის მუნიციპალიტეტში ფესტივალი „ქართული საგალობლები“ დაიწყო.
ორი დღის განმავლობაში ობოლა ციმაკურიძის სახელობის საჩხერის კულტურის ცენტრი საქართველოს მასშტაბით 32 გუნდს უმასპინძლებს.
პირველი საფესტივალო დღე პარაკლისით დაიწყო, რომელიც წმინდა ნინოს საკათედრო ტაძარში ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმთავარმა მეუფე დანიელმა აღავლინა.
ღონისძიება საზეიმო ვითარებაში საჩხერეს მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში გაიხსნა. 20 წლის იუბილე და რიგით მეექვსე ფესტივალის დაწყება საზოგადოებას ფესტივალის იდეის ავტორმა და ორგანიზატორმა ლია ვეშაპიძემ მიულოცა, მან თანადგომისა და მხარდაჭერისთვის ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიას, ადგილობრივ თვითმმართველობას და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს მადლობა გადაუხადა.
კულტურის ცენტრში წინა წლებში გამართული ფესტივალების ფოტოარქივის გამოფენა მოეწყო.
ფესტივალ ქართული საგალობლების პირველი დღის ღონისძიებები კულტურის ცენტრის სცენაზე მგალობელთა გუნდების გამოსვლით და ლექცია-სემინარით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები