„თანამედროვე კინოს დიდოსტატები“ – თბილისს ანდრეი ზვიაგინცევი ეწვევა

22-24 ოქტომბერს, საქართველოს ეწვევა და მასტერკლასს გამართავს უახლესი კინოს ერთ-ერთი თვალსაჩინო კინორეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, რეჟისორი საგანმანათლებლო პროექტის, „თანამედროვე კინოს დიდოსტატების”  ფარგლებში ეწვევა თბილისს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში XXI საუკუნის კინომეტყველების ფორმების დანერგვასა და განვითარებას.
ანდრეი ზვიაგინცევის ხელწერა გამოირჩევა, ერთი მხრივ, მწვავე სოციალურ-პოლიტიკური მესიჯებით, ხოლო, მეორე მხრივ, ღრმა და პოეტური ნარატივით. რეჟისორმა აღიარება მოიპოვა მსოფლიოს არაერთ წამყვან კინოფესტივალზე: სადებიუტო ფილმისთვის “დაბრუნება” ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო “ოქროს ლომი” დაიმსახურა, ხოლო ფილმები “ელენა” , “ლევიათანი” , “უსიყვარულოდ” კანის კინოფესტივალის გამარჯვებულები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ წელს ანდრეი ზვიაგინცევი კანის ჟიურის წევრიც იყო.

22-23 ოქტომბერს ანდრეი ზვიაგინცევის მასტერკლასი ჩატარდება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში.
24 ოქტომბერს კინოთეატრ „ამირანის“ დიდ დარბაზში გაიმართება ფილმის “უსიყვარულო” სარეჟისორო ვერსიის ჩვენება, რომლის დასრულების შემდეგაც დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, ავტორთან ღია დისკუსიაში ჩაერთოს.

პროექტის ორგანიზატორია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; პროექტის გენერალური მხარდამჭერია adjaranet.com.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები