მამაკაცი, რომელმაც კელნში მძევლები აიყვანა, დააპატიმრეს (ვიდეო)
მამაკაცი, რომელმაც გერმანიაში, კელნის სადგურზე მდებარე აფთიაქში მძევლები აიყვანა, პოლიციამ უკვე დააპატიმრა.
“დამნაშავე კონტროლქვეშაა. ოპერაციის მსვლელობისას მიღებული ზომები კვლავ გრძელდება”, – წერს ადგილობრივი პოლიცია Twitter-ზე.
სადგურის მიმდებარე ტერიტორია, ამ დროისთვის, ალყაშია, ამის შესახებ ტელეარხი NTV იტყობინება.
“ეჭვმიტანილი დაკავებულია, მაგრამ ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია კიდევ ერთი ადამიანი. ჩვენ არ ვიცით, ის მძევალია თუ ბოროტმოქმედის დამხმარე. მისი ვინაობას ვადგენთ და ოპერაცია გრძელდება”, – აცხადებენ პოლიციაში.
პოლიციის თავდაპირველი ინფორმაციით, მძევლად მამაკაცს მხოლოდ ერთი ქალი ჰყავდა და ის, ამ დროისთვის, სამედიცინო შემოწმებას გადის.
ინციდენტი ცენტრალური ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, აფთიაქში მოხდა. ბოროტმოქმედსა და პოლიციას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მისი მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.
მედიის ინფორმაციით, ინციდენტი მამაკაცსა და მძევლად აყვანილ ქალს შორის ქუჩაში ჩხუბით დაიწყო. შემდეგ ქალი აფთიაქში შევიდა, რა დროსაც მოხდა ინციდენტი.
ამ დროისთვის, მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია, ვაგზალი და მიმდებარე ქუჩები გადაკეტილია.