ლონდონი ლევან ლაღიძის გამოფენას – „ბახის გაკვეთილებს“ უმასპინძლებს
19 ნოემბერს ლონდონის Katrine Levin Galleries-ში ლევან ლაღიძის გამოფენა – „ბახის გაკვეთილები“ გაიხსნება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენა 19 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. „ბახის გაკვეთილები“ 25 უახლეს ნამუშევარს აერთიანებს, რომლებიც სპეციალურად ლონდონის გამოფენისთვის შეიქმნა.
22 ნოემბერს, 18:00-20:30 დახურული გამოფენა იგეგმება, ხოლო 27 ნოემბერს – საუბარი მხატვართან და მიღება ბრიტანეთის ელჩთან საქართველოში, თამარ ბერუჩაშვილთან.
ჟურნალი „დანტე“ ლევან ლაღიძეს „ცოცხალ ლეგენდას“ უწოდებს. ლევან ლაღიძე, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მხატვარია, რომლის ნამუშევრებიც დაცულია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებულ მუზეუმებში და ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში; მათ შორის – მოსკოვის სახელმწიფო ტრეტიაკოვის გალერეასა და თბილისის ეროვნულ გალერეაში. ამა წლის შემოდგომაზე კი ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმმა, თბილისში, ახალი შენობა გახსნა, სადაც მხატვრის შემოქმედებას ერთ-ერთი მთავარი ჰოლი დაეთმო.
ლევან ლაღიძე ცნობილია მისი სტრუქტურირებული და მრავალი ფენისგან შემდგარი აბსტრაქტული ნამუშევრებით, ხელოვნების მიმართ ფილოსოფიური მიდგომითა და შეუდრეკელი მხარდაჭერით ქართული მხატვრობისა და მხატვრების მიმართ. ის დიდად მოთხოვნადი ხელოვანია მხატვრობის საერთაშორისო ასპარეზზე და მისი ნამუშევრები, ახლო წარსულში, დიდ თანხად გაიყიდა ნიუ-იორკის აუქციონზე; ცნობილია რა თავისი მორიდებულობით საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოხვედრის მიმართ, ლევან ლაღიძე უპირატესობას ანიჭებს თბილისში, მისსავე გალერეაში თავისი ნამუშევრების კერძო გამოფენების მოწყობას. „ქათრინ ლევინის გალერეები“ მოხარულია, უმასპინძლოს „ბახის გაკვეთილებს“, პირველ მასშტაბურ გამოფენას საქართველოს გარეთ, რომლის მოწყობაზეც შემოქმედი ოცი წლის განმავლობაში პირველად დათანხმდა.
ქათრინ ლევინ, კურატორი: „გამოფენის სათაური ასახავს ნამუშევრების „კადენციას“, სადაც პატარა სამყაროების აურაცხელი რაოდენობა ერთმანეთს ერწყმის ერთ მდიდარ ქრომატული ნოტების სიმფონიაში. ამ რითმის მეშვეობით ლევან ლაღიძე სამყაროს შეცნობას ფერით ცდილობს ისევე, როგორც ამას ბახი აკეთებდა ბგერის საშუალებით“.
ლევან ლაღიძის ნამუშევრები თვით ახსნადია და ისინი განმარტებას არ საჭიროებენ. ფერებისგან შემდგარი ფენები და სტრუქტურა იზიდავს მნახველს, რომ უფრო ღრმად ჩაიხედოს ტილოში და აღმოაჩინოს მჭიდრო კავშირი ისეთ უნივერსალურ კომპოზიციებთან, როგორიცაა პეიზაჟი და ურბანიზაცია. ფერი მისი შემოქმედების გულს წარმოადგენს.
ლევან ლაღიძე: „ამბობენ, რომ ფერწერა არის ფერის ჩვენების ხელოვნება, მაგრამ ჩემთვის ის ფერის დამალვის ხელოვნებაა. ფერი უნდა დაიმალოს, რომ მნახველში უფრო ღრმად ძიების წყურვილი გაღვივდეს“.
ლევან ლაღიძე დაიბადა, 1958 წელს, თბილისში და 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მან დააარსა და ხელმძღვანელობდა თბილისის მხატვრის სახლის შემოქმედებით სახელოსნოს 1983 წლიდან 1987 წლამდე, ასევე იყო ახალგაზრდა ქართველი მხატვრების კავშირის თავმჯდომარე, 1986 წლიდან 1989 წლის ჩათვლით. ლევან ლაღიძე აქტიურად უჭერდა მხარს ახალგაზრდა ქართველ მხატვრებს 1990-იან წლებში, მღელვარე და დაძაბული ათწლეულის განმავლობაში, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა.
2011 წელს მან დააარსა „ლაღიძე გალერეა“, სადაც მისი ნამუშევრები იფინება და სისტემატურად ეწყობა გამოფენები, საუბრები და პრეზენტაციები. იქ ხშირად შეხვდებით სხვადასხვა მხატვარს, კომპოზიტორს, დიპლომატსა და კორპორაციულ ლიდერს, რომლებიც სახუმაროდ და ფილოსოფიური განხილვებისთვის იკრიბებიან.
მის: ლა გალერეა პალ მოლი, როიალ ოპერა არკადა #30, პალ მოლი, სენთ ჯეიმსი, ლონდონი, SW1Y 4UY.