ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა საზეიმოდ დაიხურა
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომლის საპატიო სტუმარი ქვეყანაც წელს საქართველო იყო, საზეიმოდ დაიხურა.
გერმანულენოვანი აუდიტორიის ფოკუსში ქართული პროგრამა კონცეფციით Georgia Made by Characters / „ანბანით მოთხრობილი საქართველო“ იყო წარმოდგენილი, რომელიც, ერთი მხრივ, უნიკალურ ქართულ ანბანს და დამწერლობას, მეორე მხრივ კი, ქართულ ხასიათებს და პერსონაჟებს ეფუძნებოდა. საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.
საზეიმო ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს სიურპრიზი მოუწყეს და ქართული სიმღერით – „სულიკო“ დაემშვიდობნენ.
საქართველომ 2019 წლის საპატიო სტუმრის სტატუსი ნორვეგიას გადაულოცა. ტრადიციისამებრ, სპეციალური გრაგნილი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მედეა მეტრეველმა ნორვეგიელ კოლეგას გადასცა. ღონისძიებაზე ასევე შედგა ნორვეგიის საიმიჯო ვიდეო რგოლის პრეზენტაცია.
საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.