კასპში, სოფელ თვალადის „მოსალოცი“ ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა

 2018 წელს, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ თვალადის „მოსალოცი“ ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოების შედეგად არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ ეკლესიის ინტერიერი გაიწმინდა სქელი მიწის ფენისგან და მოიჭრა დიდი ოდენობის მიწა ეკლესიის გარშემო. მოეწყო ხარაჩოები გარე პერიმეტრზე, აღდგა კამარის ჩამონგრეული ფრაგმენტი. გადახურვა გაიწმინდა ხე-მცენარეებისგან, გადაეწყო საპირე წყობები ფასადებზე, აღდგა დაკარგული საფასადე წყობა ოთხივე კედელზე. შესრულდა კედლებზე გამოქარული წყობის ამოლესვა და ბზარების ინექტირება. აღდგა აღმოსავლეთის და დასავლეთის ფრონტონები, შესასვლელის თაღი და კედელი მის თავზე. მოეწყო კარნიზი მთელ პერიმეტრზე, კრამიტის საფარი და ჩაეწყო რკინაბეტონის სარტყელი მთელ პერიმეტრზე. ამოშენდა საყრდენი კედელი დასავლეთით და სამხრეთით, ეკლესიის გარშემო და ინტერიერში დაიგო ფილაქნის ქვის იატაკი.
ტრაქტორის დახმარებით გაჭრილია სამანქანე გზა ძეგლამდე.
სამშენებლო მასალად კედლის წყობაში გამოყენებულია ადგილობრივი წარმოშობის ფიქალური ქვები და დიდი ზომის ბრტყელი, უსწორმასწორო კონტურის კვადრები.
„მოსალოცი“ ეკლესია მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტში, სოფ.თვალადის ბოლოს, იგი მიეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს. ეკლესია დგას ფერდობზე. მიუხედავად იმისა რომ ეკლესია სოფლის სიახლოვეს მდებარეობს, მასთან მისვლა გაძნელებულია, გზიდან ციცაბო ბილიკი მიემართება ძეგლამდე. საავტომობილო გზის გაყვანის შემდეგ ინტერიერის გაწმენდის ბოლოს გამოჩნდა საკურთხევლის საფეხური.

შემსრულებელი: ი/მ „ვაჟა მენთეშაშვილი ნეველი-2“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები