კრაკოვის მუზეუმთან ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ჩართულობითა და საქართველოს ეროვნული არქივის მონაწილეობით, პოლონეთში შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო ხელნაწერების კონსერვაცია/რესტავრაციის პროცესი იწყება.
ქალაქ კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში, თავადი ჩარტორისკის ბიბლიოთეკაში დაცულია 11 ქართული საეკლესიო ხელნაწერი, რომლებიც რესტავრაციის შემდეგ საქართველოში გამოიფინება.
რესტავრაციის პროცესში მონაწილეობას იღებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სპეციალისტები, რომელთაც ისტორიული ხელნაწერების რესტავრაციის დიდი გამოცდილება აქვთ.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ ანთიძესა და ქალაქ კრაკოვის ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელს, პროფესორი ანჟეი ბერტლეის შორის გამართულ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნულ არქივსა და კრაკოვის მუზეუმს შორის უახლოეს დღეებში ოფიციალურად გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება.
ქალაქ კრაკოვის ეროვნული მუზეუმის დირექტორი პროფესორი ანჟეი ბერტლეი თბილისს მაისში ესტუმრა. ვიზიტის დროს იგი იმყოფებოდა ეროვნულ არქივში, სადაც კრაკოვში დაცული ქართული, შუა საუკუნეების პერიოდის ხელნაწების საქართველოში კონსერვაციისა და შემდგომში მათი ექსპონირების მიზნით დროებით გადმოცემასთან დაკავშირებით, მხარეებმა საორგანიზაციო საკითხები შეაჯერეს. მხარეებს შორის სამმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებასაც მოეწერა ხელი, რომელიც კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის ექსპონატების გამოფენას ითვალისწინებს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსა და კრაკოვის მუზეუმს შორის დაფუძნებული თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეთა თანამშრომლობის ფორმატში, პოლონეთში გამოფენის მოწყობა 2020-21 წლებშია დაგეგმილი.