„კანდიდატ ჯაფარიძის ციხეში ჩასმა ნიშნავს იმას, რომ ის იქიდან პრეზიდენტი გამოვა“, – იაგო ხვიჩია „კანაფის ფესტივალზე“ საუბრობს

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ 20 ოქტომბერს, დედაენის ბაღში მარიხუანას ლეგალიზების ფესტივალის გამართვას გეგმას.
დაგეგმილი ფესტივალის შესახებ „გირჩის“თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, მარიხუანასა და მასთან დაკავშირებულ პროდუქტებს, სურვილის შემთხვევაში, ფესტივალის მონაწილეები გაყიდიან.
მისი თქმით, ეს აქცია ხაზს გაუსვამს იმას, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, შეიძინონ ის პროდუქტი, რომლის მოხმარების უფლებაც აქვთ.
„ცივილურად უნდა შეიძინონ და უნდა ჰქონდეთ კულტივაციის უფლებაც. ამ ორი უფლების დასაკანონებლად არის ეს აქცია. ადამიანს უნდა ჰქონდეს ლეგალური ნივთიერების ლეგალურად შოვნის ერთი გზა მაინც.
გვინდა, რომ საქართველოში მარიხუანას მოხმარების ცივილური ფორმები გადმოვიტანოთ. ამ ფესტივალზე ადამიანებს საშუალება ექნებათ, მოიტანონ მარიხუანასთან დაკავშირებული თავიანთი პროდუქტი და გაუცვალონ სხვა ადამიანებს, გაყიდონ, ან როგორც სუვენირი, ისე გადასცენ. მიგვაჩნია, რომ ამის უფლება მოგვცა საკონსტიტუციო სასამართლომ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
რაც შეეხება პოლიციის ჩარევის შესაძლებლობას, „გირჩის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამას არ ელის.
„შსს-ში ადამიანებს, ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ჩვენს დარბევაზე, დაპატიმრებაზე და ა.შ. მე არ ვუყურებ, როგორც არაადეკვატურ ადამიანებს. ის, რომ ქვეყანაში მარიხუანას ფესტივალი ტარდება, ეს არ არის ვიწროდ ქართული მოვლენა, ეს მოვლენა გასცდება საქართველოს ფარგლებს. აქ არა მხოლოდ ქართველები იქნებიან, აქ იქნებიან ტურისტები. სრულიად არაადეკვატური იქნება ამ ხალხთან სპეცრაზმით შევარდნა, მათი დაჭერა და სადღაც გადაყვანა. თუნდაც, ამის გამო, შსს ამას არ გააკეთებს. მეორეც – ფესტივალი 20-შია დანიშნული, 28-ში არჩევნებია, არჩევნებამდე 1 კვირით ადრე კანდიდატ ჯაფარიძის დაჭერა და ციხეში ჩასმა ნიშნავს იმას, რომ ის იქიდან პრეზიდენტი გამოვა. ასეთი ცუდი წარმოდგენა არ მაქვს შსს-ზე, რომ მათ არ ესმოდეთ ის, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის დაჭერა არ შეიძლება. თუ რამე დარღევევა მოხდება ამ აქციაზე, პირველი ჩაიდენს პრზიდენტობის კანდიდატი, შემდეგ ჩაიდენენ „გირჩის“ წევრები, შემდეგ ჩაიდენენ ის მონაწილეები, ვისაც ამის სურვილი ექნებათ.
ჩვენც და პოლიციელებსაც ერთნაირი აზრი გვაქვს. თქვენ ფიქრობთ, რომ ქართველ პოლიციელებს მოსწონთ ადამიანების დაკავება იმისთვის, რომ ისინი მარიხუანას მოიხმარენ? პოლიციაც ჩვენს მხარეზეა ამ შემთხვევაში. პოლიციამაც იცის, რომ ამის გამო ადამიანის ცხოვრების გაუბედურება და გაფუჭება არ შეიძლება“, – განმარტა იაგო ხვიჩიამ.
მისივე თქმით, მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დასაცავია.
„დიდი ხანია ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. მოგეხსენებათ, ჩვენ მოვიგეთ საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც გვითხრეს , რომ „გირჩის“ წევრებს, ზურა ჯაფარიძეს და ვახო მეგრელიშვილს აქვთ კონსტიტუციური უფლება, მოიხმარონ მარიხუანა. ჩვენ ველოდებოდით ამ უფლების რეალიზაციას, ანუ მის სწორ გაგებას საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან, თუმცა რაც გვესმის ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჯერ კანონპროექტები, რომლებიც პარლამენტში შევიდა, შემდეგ ის მოძრაობები, რომლებიც საზოგადოებაშია, ყველა პოლიტიკური პარტია, ზედ დამატებული საპატრიარქო, მთავრობა შეება სამკვდრო-სასიცოცხლოდ მარიხუანას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაძლებელია გაგებული იქნას არასწორად, ისე, როგორც ჩვენ მას არ ვკითხულობთ და როგორც არ დაუწერიათ მოსამართლეებს. საკონსტიტუციო სასამართლომ გვითხრა, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, მოიხმაროს მარიხუანა და ეს არის კონსტიტუციიდან გამომდინარე უფლება. წარდგენილი კანონპროექტით, რომელსაც პარლამენტი იხილავს ითქვა, რომ ადამიანს მარიხუანას მოხმარების უფლება აქვს მხოლოდ საკუთარ სახლში ჩაკეტილ სივრცეში, თუ 150 მეტრით მოარიდებს არასრულწლოვნებს. ნებისმიერ სხვა სივრცეში მოწევა აკრძალულია, ისევე როგორც აქამდე იყო. ხშირ შემთხვევაში მკაცრდება სასჯელები. დასაცავია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არასწორი გაგებისგან. იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, იმას, ვინც ვალდებულია აღასრულოს, ეს გადაწყვეტილება, მისი შინაარსი არ ესმის. მაგრამ შინაარსი გვესმის ჩვენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია “გირჩის” წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის სასჯელი გააუქმა. მარიხუანას რეალიზაცია კვლავ დასჯადია.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები