მიხეილ გიორგაძემ ოფენბახის შრიფტის მუზეუმში ქართული ანბანისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა დაათვალიერა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, მიხეილ გიორგაძე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან, გურამ ხოკრიშვილთან ერთად, ოფენბახის შრიფტის მუზეუმს ეწვია და ქართული ანბანისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა დაათვალიერა.
გამოფენა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს კულტურული პროგრამის შემადგენელი პროექტია, რომელიც 170-მდე უნიკალურ ექსპონატს – ხელნაწერებს, პირველნაბეჭდ წიგნებსა და რარიტეტულ გამოცემებს აერთიანებს. კოლექციაშია ხელოვნების სასახლის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარის არჩილ გელოვანის კუთვნილი XVI-XVII საუკუნეების ხელნაწერები, მუზეუმში დაცული უნიკალური აფიშები და თანამედროვე მხატვართა ნამუშევრები.
ექსპოზიცია, რომელიც 18 ნოემბრამდე გასტანს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. გამოფენის კურატორები არიან – ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია და ოფენბახის შრიფტის მუზეუმის დირექტორი, შტეფან შოლტეკი.