ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“ სცენაზე ბრუნდება
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 167-ე სეზონზე მაყურებელს პრემიერით შეხვდება.
როგორც „კვირას“ ოპერის თეატრიდნ აცნობეს, ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“ კვლავ დაუბრუნდება სცენას.
ოპერის პრემიერა 1919 წლის 11 დეკემბერს უდიდესი წარმატებით შედგა. რეჟისურა განახორციელა ალექსანდრე წუწუნავამ, დირიჟორი იყო სამუელ სტოლერმანი. ლიბრეტო პიესის საფუძველზე თავად კომპოზიტორმა შექმნა. ლიბრეტოს რედაქტირება ეკუთვნის ცნობილ ქართველ პოეტს იოსებ გრიშაშვილს, რომელმაც დაწერა ასევე სიკოს და საქოს კუპლეტები.
ოპერა „ქეთო და კოტე“ შეიქმნა ცნობილი კომედიოგრაფის, დრამატურგ ავქსენტი ცაგარელის პიესის „ხანუმას“ მიხედვით. 1926 წელს ალექსანდრე წუწუნავამ პიესის საფუძველზე გადაიღო მხატვრული ფილმი „ხანუმა“. 1948 წელს კი ვახტანგ ტაბლიაშვილმა და შალვა გედევანიშვილმა შექმნეს მუსიკალური მხატვრული ფილმი „ქეთო და კოტე“ (ა. ცაგარელის კომედია „ხანუმას“ და ვ. დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტეს“ მიხედვით).
ვიქტორ დოლიძის ოპერას გამორჩეული სცენური ისტორია აქვს. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში „ქეთო და კოტეს“ ორი სხვადასხვა დადგმა განხორციელდა (ალექსანდრე წუწუნავას და გიგა ლორთქიფანიძის რეჟისურით). ოქტომბრის ბოლოდან კი „ქეთო და კოტეს“ მესამე დადგმის საპრემიერო ჩვენებები გაიმართება, კერძოდ, 27, 28, 31 ოქტომბერს და 3, 4, 7 ნოემბერს.
„ქეთო და კოტეს“ დამდგმელი დირიჟორია რევაზ ტაკიძე, რეჟისორი – იოანე (ვანო) ხუციშვილი, მხატვარი – გიორგი ალექსი-მესხიშვილი, ქორეოგრაფი – ილიკო სუხიშვილი. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, სტაჟიორები, გუნდი, ორკესტრი და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.