„თბილისი მაგნუმის წიგნებში“ – ფრანკფურტში თბილისისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა მიმდინარეობს
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს პავილიონში თბილისისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა – „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ მიმდინარეობს, სადაც 1947 წლიდან 2018 წლამდე შექმნილი ის ნამუშევრებია წარმოდგენილი, რომლებიც უცხოელმა ფოტოგრაფებმა თბილისში მოგზაურობისას გადაიღეს.
ექსპოზიცია 71-წლიან პერიოდს მოიცავს და იწყება ფოტოებით, რომელიც რობერტ კაპამ, 1947 წელს, ჯონ სტეინბეკთან თბილისში მოგზაურობისას გადაიღო. სწორედ ამ წელს დაარსდა სააგენტო „მაგნუმ ფოტოს“. გამოფენას ასრულებს მარტინ პარის მიერ 2018 წელს შექმნილი ნამუშევრები.
ქართული პროგრამა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, კონცეფციით – Georgia Made by Characters – „ანბანით მოთხრობილი საქართველო“ წარდგა, რომელიც ერთი მხრივ, უნიკალურ ქართულ ანბანს და დამწერლობას, მეორე მხრივ კი ქართულ ხასიათებსა და პერსონაჟებს ეფუძნება.
კვირეულის ფარგლებში, პავილიონში, საქართველოს ეროვნულ და თემატურ სტენდებზე, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის 20-მდე სცენაზე, ათობით ლიტერატურულ და კულტურულ სივრცეში ქართველი ავტორებისა და არტისტების სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის ასობით ღონისძიება გაიმართება.