„კავკასიურ სახლში“ თანამედროვე პოლონელი მწერლის, ვოიცეხ იაგიელსკის წიგნის წარდგენა გაიმართება
13 ოქტომბერს, 16:00 საათზე, „კავკასიურ სახლში“ თანამედროვე პოლონელი მწერლის, ვოიცეხ იაგიელსკის წიგნის – „ლარას ყველა ომი“ პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც „კვირას“ „კავკასიური სახლიდან“ აცნობეს, „ლარას ყველა ომი“ პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტი ქალის ნამდვილ ისტორიას მოგვითხრობს, რომელმაც ომის ქარტეხილებში ოჯახის ოთხი წევრი დაკარგა – მისი ორი ძმა ჯერ კიდევ ჩეჩენი მეთაურის, გელაევის აფხაზეთში ექსპედიციისას დაიღუპა, ხოლო, მოგვიანებით, სირიაში საბრძოლველად წასული მისი ორი ვაჟი ისლამური სახელმწიფოს იდეისთვის ბრძოლას შეეწირა. სანამ ვაჟები ცოცხლები იყვნენ, ლარა შეეცადა მათ გადარწმუნებას და ამისთვის სირიაშიც კი გაემგზავრა, თუმცა უშედეგოდ.
პოლონელი მწერალი თხრობის სისადავით გადმოგვცემს იმ განუზომელ ტრაგედიას, რაც არა მხოლოდ რომელიმე ცალკეული რეგიონის, არამედ გლობალური სამყაროს წინაშე დგას, კერძოდ, წიგნში გადმოცემულია რელიგიის რადიკალიზაციის და გლობალური სოციალური და პოლიტიკური ქარტეხილების დამანგრეველი ზემოქმედება ადამიანის, ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს მაგალითზე. მიუხედავად იმ ტრაგიზმისა, რაც წიგნის ყველა სტროფს წითელ ხაზად გასდევს, მოთხრობის მთავარი გმირი, მისი უდრეკი ხასიათი და სიცოცხლის სიყვარულით ნასაზრდოები ოპტიმიზმი, მკითხველს თავისდაუნებურად უსახავს უკეთესი მომავლის იმედსა და ცხოვრების მიმართ რწმენას.
წიგნი პოლონურიდან თარგმნა ამბროსი გრიშიკაშვილმა და „კავკასიურმა სახლმა“ პოლონეთის წიგნის ინსტიტუტის მხარდაჭერით გამოსცა.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვლენ: უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე – ხასო ხანგოშვილი; მთარგმნელი – ამბროსი გრიშიკაშვილი; წიგნის მთავარი გმირი – ლეილა აჭიშვილი; ღონისძიებაზე პოლონეთიდან ჩაერთვება წიგნის ავტორი.
პრეზენტაციაზე შესაძლებელი იქნება წიგნის შეძენაც.
დასწრება თავისუფალია.