„სიღნაღის ისტორიულ გალავანზე მიმდინარე ყველა ტიპის სამუშაო უკვე შეჩერებულია“
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ ისტორიული ციხე-გალავანის ნაწილის შელესვის გამო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განმარტებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სიღნაღის ისტორიულ გალავანზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინიციატივით განხორციელებულ ფიზიკურ სამუშაოებს კანონის უხეშ დარღვევად აფასებს და მასზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მოკვლევას იწყებს.
სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების ჯგუფი დღესვე ადგილზე შეისწავლის სამშენებლო პროცესისა და მისი განხორციელების ყველა წინამდებარე პროცედურას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან შეუთანხმებლად წარიმართა. სააგენტოს თანამშრომლების მიერ დღესვე განისაზღვრება კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კატეგორიის უძრავი ძეგლის შესაძლო დაზიანების ხარისხი, რითაც უნებართვო პროცესში ჩართული პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება.
კულტურული მემკვიდეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე სიღნაღის ისტორიულ გალავანზე მიმდინარე ყველა ტიპის სამუშაო უკვე შეჩერებულია. სახელმწიფო უწყების უშუალო ჩართულობით მომზადდება გალავნის სახეცვლილი სეგმენტის პირვანდელი იერსახით აღდგენის საპროექტო დოკუმენტაცია. კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების საფუძველზე კი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია გალავნის კარიბჭეს სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ ამავე პროექტის მიხედვით აღადგენს“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.