ნოდარ ხადურის ბოლო შანსი – როგორი იქნება ბიუჯეტის ზრდის მონაცემი?

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს შესაძლოა, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, მინისტრის პოსტიდან წასვლა მოუხდეს. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “პრაიმტაიმი” ავრცელებს.
“დიდი ალბათობით თანამდებობასთან გამომშვიდობება მოუწევს ფინანსთა მინისტრსაც, რომელიც ბოლო პერიოდში იმდენად ოდიოზურ ფიგურად იქცა, რომ სატელევიზიო ეთერსაც კი მაქსიმალურად ჩამოაშორეს. გარღვეულ ბიუჯეტზე აღარაფერი რომ ვთქვათ, ნოდარ ხადურის სმა-ჭამა თითქმის ყველა იუმორისტული გადაცემის შთაგონების წყაროდ იქცა.
50 პორცია ღორის მწვადი, 23 წიწილა ტაბაკა, 300-ლარიანი ციკანი თონეში – ეს არის არასრული მენიუ, რომლითაც ფინანსთა სამინისტრო ოფიციალურ დელეგაციას ერთ კონკრეტულ რესტორანში გაუმასპინძლდა და ბიუჯეტს ეს ვახშამი 7 ათას ლარზე მეტი დაუჯდა. თუმცა, ეს არ არის გამონაკლისი. ხადურის უწყების მიერ შეკვეთილი მენიუები პრესაში რამდენჯერმე მოხვდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ უწყებამ „პრევენციის“ მიზნით, დაგეგმილი მოლხენის ხარჯთაღრიცხვა თავადვე პრესრელიზის სახით გაავრცელა.
წყაროს ინფორმაციით, ბევრი უკმაყოფილების მიუხედავად, ნოდარ ხადურის ბედი ჯერ ბოლომდე მაინც არ არის გადაწყვეტილი. როგორც ჩანს, ღარიბაშვილი მას ბოლო შანსს აძლევს და მისი განთავისუფლება მთლიანად იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორი იქნება ბოლო კვარტალის ბიუჯეტის ზრდის მაჩვენებელი. მოკლედ, ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ არჩევნებს და ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას.
საკადრო ცვლილებები რომ გარდაუვალია, ამას არც ექსპერტები უარყოფენ. ყველას თავისი სუსტი რგოლი ჰყავს, თუმცა ამ ეტაპზე ცვლილებები მხოლოდ ამ მიმართულებით შემოიფარგლება. ვინ იქნება შემდეგი, ამას მომავალი გვიჩვენებს”,- წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები