ლევან ყიფიანის გამოკითხვა მთავარ პროკურატურაში დასრულდა-დეტალებზე იგი პრესკონფერენციაზე ისაუბრებს

თბილისის პროკურატურაში „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ჩანაწერების თაობაზე სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის განმეორებითი დაკითხვა დასრულდა, რომელიც 3 საათს გრძელდებოდა.

ყიფიანს ჟურნალისტებთან კომენტარი არც საგამოძიებო ორგანოში შესვლამდე და არც მისი დატოვების შემდეგ გაუკეთებია. მისი თქმით, ყველა დეტალს ხვალინდელ პრესკონფერენციაზე განმარტავს.

მედიაში გავრცელებული ჩანაწერების გამო პროკურატურაში გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო.

პირველი ჩანაწერი ერთი თვის წინ „იბერიას” ეთერში გამოქვეყნდა, რომლის მფლობელიც „ომეგა ჯგუფია”. არხი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება „ომეგას“ ბიზნესზე ზეწოლით მას ავიწროებს და „თავისუფალი სიტყვის ჩახშობა სურს“. ფინანსთა მინისტრმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ „ომეგა ჯგუფს“ 51 მილიონ ლარზე მეტი საგადასახადო დავალიანება აქვს და სახელმწიფოსგან, შეღავათიანი რეჟიმის დაწესების მიუხედავად, ვალის გადახდა არ სურს, ტელევიზიას კი შანტაჟისთვის იყენებს.

„იბერიისა” და „ომეგა ჯგუფის” თემას 12 სექტემბერს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური სანქციების დაწესებისგან მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას. უწყებებმა კომპანია 11-ჯერ გააფრთხილეს, თუმცა ამის შემდეგ ვალი კიდევ უფრო გაიზარდა.

3 ოქტომბერს სასამართლოში დაკითხვიდან გამოსულმა სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ სახელმწიფოსგან ზეწოლაზე ჩანაწერები ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელთან ერთად, შეთანხმებულად, ჩაწერა.

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებული აუდიოჩანაწერები ავთენტიკური არ არის და დამონტაჟებულია. ასეთი დასკვნა დადო ლევან სამხარაულის სახელობის ექსერტიზის ბიურომ. ანალოგიური აღმოჩნდა ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები