გიორგი ახვლედიანი და რიმა ბერაძე ბიზნესასოციაციის -„ერთი გზა-ერთი სარტყელი“ დამფუძნებლებს შეხვდნენ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ახვლედიანი და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძე ჩინეთის რესპუბლიკაში მოღვაწე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სტუმრები საქართველოში „გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების“ ფორუმის ფარგლებში ჩამოვიდნენ და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და ბიზნესის განვითარების პოტენციალს ადგილზე გაეცნენ.
ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში ქართული კულტურის პოპულარიზაციაა და სწორედ ამ მიზნით ასოციაცია წელიწადში რამდენჯერმე შანდონისა და გუანჯოუს პროვინციებში ქართული კულტურის დღეებს მართავს.
შეხვედრაზე მხარეებმა საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
როგორც აღინიშნა, ქართული მხარე გუანჯოუს პროვინციასთან (რომელიც უკვე თბილისთან დამეგობრებული ქალაქია) ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციონირების გაუმჯობესებისა და გენდერულ საკითხებზე თანამშრომლობას გეგმავს.
“გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების“ მეორე ფორუმმა საქართველოში საშუალება მოგვცა, სხვადასხვა ორგანიზაციასთან საჭირო თანამშრომლობა დაგვეწყო. აღნიშნული ასოციაცია ერთ-ერთი მათგანია. მას მჭიდრო ურთიერთობა აქვს ჩინეთის რამდენიმე პროვინციის ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ჩვენ მათთან საერთო საკითხებზე კომუნიკაციას ვგეგმავთ“, -განაცხადა რიმა ბერაძემ.
„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა შანდონისა და გუანჯოუს პროვინციებში ბექა მიქაბერიძემ და ხუან იანგმა ბიზნეს- ასოციაცია -„ერთი გზა-ერთი სარტყელი“ რამდენიმე წლის წინ დააარსეს და ის ამჟამად შვიდი ძირითადი მიმართულებით მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები