ყულევში, მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტზე კომპანია PHASIS OIL მუშაობს
ყულევში, მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტზე კომპანია PHASIS OIL მუშაობს. მშენებლობის თაობაზე მოლაპარაკებები საერთაშორისო ბრენდთან TECHICAS REUNIDAS მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით, 300-მდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აქვს აშენებული. შემდგომში პროექტის მართვაზე PHASIS OIL -მა მემორანდუმი ესპანეთში სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელ კომპანია CEPSA -სთან გააფორმა. უკვე ცნობილია, რომ ყულევში, ქარხნის მშენებლობის პროცესში, გარემოსდაცვითი კუთხით, იზოთერმინგის თანამედროვე ტექნოლოგია დაინერგება, რასაც მსოფლიოში აღიარებული ქიმიური კონცერნი DuPont უზრუნველყოფს. კომპანია PHASIS OIL -ის ცნობით, ეს ტექნოლოგია რამდენიმე წლის წინ, სპეციალურად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისთვის შეიმუშავეს და პირველად აშშ-ში დანერგეს. საწარმოო პროცესში ნედლი ნავთობი სრულად, 100%-ით გადამუშავდება, წარმოებას მყარი ნარჩენები არ ექნება და საბოლოოდ, ეკოლოგიურად სუფთა, “ევრო 5”-ის სტანდარტის ბენზინისა და დიზელის საწვავს გამოიმუშავებს.
ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედებით, საქართველო, ნავთობპროდუქტების იმპორტიორებიდან, ექსპორტიორი ქვეყნების რიგში გადაინაცვლებს. პროექტის შესახებ PHASIS OIL -ის დირექტორი, გია შავდია აცხადებს, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მთავარი იდეა ისაა, რომ საქართველოს ნავთობის საკუთარი რესურსი არ გააჩნია, ამიტომ ქვეყანა 100%-ით იმპორტზეა დამოკიდებული.
“ნავთობპროდუქტების ბიზნესში, 1992 წლიდან ვარ ჩართული, ამ პერიოდიდან 2014 წლამდე, შვეიცარიაში ვცხოვრობდი და შესაბამისად, დარგში საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს. სწორედ ამ პროექტის განხორციელების იდეის გამო დავბრუნდი და პარტნიორობისთვის საინვესტიციო ჯგუფ Multiplex -ს მივმართე. ეს ერთ-ერთი ძლიერი და სანდო საფინანსო ჯგუფია, რომლის დამფუძნებელი ბატონი ლევან კაჭარავა თავადაც დიდი ხნის განმავლობაში ნავთობპროდუქტების სფეროში მოღვაწეობდა. უფრო კონკრეტულად კი, ბატონი ლევანი “სილქ როუდ ჯგუფის” ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, რომელიც წლების მანძილზე ნავთობის ბიზნესით იყო დაკავებული. ჩვენი თანამშრომლობა შედგა და ორი წლის წინ, ყულევში ამ მიზნით, 60 ჰა ტერიტორია გამოვისყიდეთ და პროექტის განხორციელება დავიწყეთ.
ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მთავარი იდეა ისაა, რომ საქართველოს ნავთობის საკუთარი რესურსი არ გააჩნია, ამიტომ ჩვენი ქვეყანა 100%-ით იმპორტზეა დამოკიდებული. არადა, ამ ქარხნის მშენებლობით, სავსებით შესაძლებელია, ბაზარს მაღალი ხარისხის პროდუქცია იმ ფასად მივაწოდოთ, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება. რაც შეეხება პროექტს, წინამოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია. კომპანიამ Deloitte პირველადი ბიზნეს გეგმის შესწავლა უკვე განახორციელა და დადებითი დასკვნა მოგვცა. ჩვენ საინვესტიციო ხელშეკრულებით, უფლება გვაქვს, მხოლოდ “ევრო 5”-ის სტანდარტის პროდუქცია გამოვუშვათ. იმ ტექნოლოგიების საშუალებით, რომლითაც ჩვენი ქარხანა აღიჭურვება, “ევრო 5”-ის სტანდარტის პროდუქციაში, გოგირდის შემცველობა 5-6 პპმ ანუ ორჯერ უფრო ნაკლები იქნება. ამასთან ერთად, საქართველოში მსგავსი მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება, ტრანსპორტირებასა და პროდუქციის გადატვირთვასთან დაკავშირებულ ხარჯებს საგრძნობლად შეუმცირებს მსხვილ, საშუალო და მცირე დისტრიბუტორებს!”, – აცხადებს გია შავდია.
კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტის განხორციელება 2019 წელს დაიწყება, მშენებლობა სამ წელს გაგრძელდება და მის ფარგლებში მუდმივად 400-მდე ადამიანი დასაქმდება. საინვესტიციო პირობის თანახმად, ქარხანაში დასაქმებულთა 70% ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. დასაქმებულთა დიდი ნაწილი გადამზადებას მმართველი კომპანია CEPSA-ს ქარხნებში გაივლის. ქარხნის მშენებლობისა და ამოქმედების ეტაპზე, პროექტს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი ექნება. 5 წლის შემდეგ, როდესაც ქარხანა სრული სიმძლავრით ამოქმედდება, საგადასახადო შეღავათები მოიხსნება და წინასწარი გათვლებით, სახელმწიფო ბიუჯეტი, ყოველწლიურად, დაახლოებით 40-50 მილიონ დოლარს მიიღებს.