შს მინისტრი კანაფის კულტივაციაზე: ამ საკითხზე ვიმსჯელებთ იქამდე, სანამ საზოგადოებასთან კონსენსუსი არ შედგება

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ კანაფის კულტივაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა იქამდე იქნება, სანამ საზოგადოებასთან კონსენსუსი არ შედგება. მისივე თქმით, ახალი სტანდარტები იქმნება სხვადასხვა სახის თრობის ქვეშ სამოქალაქო სივრცეში მოქმედების თაობაზე.
“შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო მარიხუანას მოხმარების რეგულირება და ამ მიზანს ჩვენ მივაღწიეთ და ეს კანონმდებლობა დაიძრა. როგორც მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ, ეს მიმართულება დაურეგულირებელი აღმოჩნდა. მინდა გითხრათ, რომ თუ აიღებთ და ჩაიხედავთ იმ საკანონმდებლო ინიციატივებში, რომელიც წარვადგინეთ, ნახავთ, რომ ჩვენ ახალ სტანდარტს ვქმნით სხვადასხვა სახის თრობის ქვეშ სამოქალაქო სივრცეში მოქმედების თაობაზე. ეს არის ხარისხობრივად წინგადადგმული ნაბიჯი.
მეორე ნაწილი ეხებოდა, მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო მიზნებს. ორი თვე, სამი თვე, ოთხი თუ ერთი, არა აქვს მნიშვნელობა, მსჯელობა იქნება მანამ, სანამ კონსენსუსს არ მივაღწევთ საზოგადოებასთან. ეს უნდა იყოს ფართო მსჯელობის საგანი. ვიმოძრავებთ იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც მიგვითითებს ჩვენ საზოგადოება”, – განაცხადა გახარიამ.
მისივე განმარტებით, ამ საკითხზე საზოგადოების არცერთ ნაწილთან დაპირისპირება არ მოხდება. როგორც მან აღნიშნა, ადრე თუ გვიან, მაინც საჭირო იქნება რეგულირების კომპონენტის შეტანა ამ სფეროშიც.
“მინდა მოგახსენოთ, რომ არ ვაპირებთ საზოგადოების არცერთ ნაწილთან დაპირისპირებას. ჩვენ ვაპირებთ ახსნა-განმარტებით, ჯანსაღი დიალოგის, დისკუსიის, ზოგჯერ მწვავე დისკუსიის საშუალებით პოზიციები დავაახლოვოთ. ეს ხომ არის ორმხრივი მოძრაობა. ჩვენ შეიძლება პოზიციები დავაახლოვოთ, შეიძლება – ვერ. არგუმენტები ორივე მხრიდან არსებობს და არგუმენტები არსებობს სერიოზული. მოგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანა გახლავთ, მოხდეს ყველა სფეროს რეგულირება. მოხმარება ჩვენ დავარეგულირეთ და ვთვლით, რომ ეს იყო წინგადადგმული ძალიან სერიოზული ნაბიჯი. რაც შეეხება მოყვანის სფეროს, ეს იყო ფრთხილი ნაბიჯი, რომ რეგულირება მომხდარიყო. ყველაზე დიდი პრობლემა არის ე.წ. ნაცრისფერი ზონები, სადაც საერთოდ არ ხდება არანაირი პროცესების იდენტიფიცირება. მსგავსი თემა გვქონდა მოხმარებაში. ახლა მოხმარებას დავარეგულირებთ. იგივე მდგომარეობა დაგვრჩება მოყვანის და კულტივირების საკითხში. მერწმუნეთ, ადრე იქნება თუ გვიან, მაინც მოგვიწევს რეგულირების კომპონენტის შეტანა ამ სფეროშიც. აქედან გამომდინარე, ჩვენ პოზიციებს დავაახლოვებთ და იმ კონდიციამდე მივიყვანთ ამ პოზოციებს, რომ ვიმოძრავებთ ერთად”, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები