„თანხა უნდა მოხმარებოდა „იავნანას“ საქველმოქმედო მიზნებს, რაც არ განხორციელდა“ – პროკურორი უძრავი ქონების იჯარით გაცემის ეპიზოდზე
პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, თავის დროზე, ფონდ „იავნანას“ სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად უძრავი ქონება გადაეცა, რათა ფონდს აღნიშნული ქონება საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოეყენებინა, თუმცა, საბოლოოდ, ფონდმა, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარის მოგება ვერ მიიღო.
საქმის აღნიშნულ ეპიზოდზე კომენტარი პროკურორმა „კვირას“ მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, საქალაქო სასამართლოში გააკეთა.
„ფონდ „იავნანას“ საკუთრებაში გააჩნდა სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად მიღებული საკმაოდ კარგი უძრავი ქონება და ეს ქონება შემდეგ იჯარის წესით გადაეცა სხვა კომერციულ პირს, რომელიც იყო საკმაოდ რენტაბელური და შეეძლო იჯარის თანხა გადაეხადა, თუმცა წლების მანძილზე ფონდის მიერ არ ხდებოდა თანხის მოთხოვნა, რის შედეგად, ფონდმა, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარის მოგება ვერ მიიღო, ეს თანხა ფონდის საქველმოქმედო მიზნებს უნდა მოხმარებოდა, რაც არ განხორციელდა“, – განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის მეუღლე, ანგელა ვასილენკო გამოიკითხა.