ახმეტაში კუწახტის მარანს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კუწახტაში მდებარე განვითარებული შუა საუკუნეების მარანს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ძეგლმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 24 ივლისის ბრძანებით მიიღო.
მარანი ნატეხი ქვით ნაგები სწორკუთხა ნაგებობა იყო. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთი კედლის ქვედა რიგი, სხვა კედლების მხოლოდ კონტურები იკითხება. დასავლეთ კედელზე შიგნიდან მთელს სიგრძეზე მიდგმული ყოფილა ქვისავე საწნახელი, რომელსაც აღმოსავლეთ კედელში სადინარი მილი აქვს გაკეთებული. მარნიდან შემორჩენილია მხოლოდ საწნახელი, რომელიც ამოვსებულია მიწით. საწნახლის აღმოსავლეთით, მარნის შიგნით ჩადაბლებული ადგილია, სადაც სავარაუდოდ ქვევრები უნდა ყოფილიყო.