რატი იონათამიშვილი: ფაშიზმია, როცა ყოფილი გენპროკურორი ნიკა გვარამია, მენტალურად ისევ წარსულშია და საჯაროდ ემუქრება ყველას

„ფაშიზმია, როცა ყოფილი გენპროკურორი ნიკა გვარამია, რომელიც მენტალურად ისევ წარსულში რჩება, საჯაროდ ემუქრება ყველას, ვინც მისი პარტიის მხარდამჭერი არ არის, საზოგადოებას სიძულვილის ენით მიმართავს“, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც საპრეზიდენტო დამოუკიდებელ კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის დაფინანსების თაობაზე გააკეთა.

ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამია აგონიაშია და სწორედ ამიტომ ის ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს. „ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორი და არა ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგზე მორგებული ორგანიზაციების ერთობლიობა. თითოეულ ჩვენთაგანს ერთი საერთო პასუხისმგებლობა და მიზანი გვაერთიანებს – ეს არის ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღე. ამის მისაღწევად ძლიერი და ეფექტური გადაწყვეტიელბის მიღების გარდა, გაგვაჩნია სხვა ვალდებულებაც – დავაკვირდეთ და შევაფასოთ ნებმისმიერი ისეთი მოვლენა და პოზიცია, რაც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ, თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხდება. ერთია, რომ არ შეიძლება, თუნდაც, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ მთლიანად სამოქალაქო სექტორის სახელით ილაპარაკოს, რადგან ეს მანდატი დგინდება რეიტინგით, საზოგადოების მხრიდან ნდობის მაღალი ხარისხით და არა გრანტების მოცულობით; მეორე კი, ვფიქრობ, დანაშაულია, როცა არასამთავრობო ორგანიზაციების და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის პოზიცია, შეფასებები, საქმიანობა უნისონში მოდის ერთმანეთთან, ხშირად ატარებს ორმაგი სტანდარტის ხასიათს და ფაქტობრივად, ერთ მთლიან პოლიტიკურ დღის წესრიგს წარმოადგენს. პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი შეფასებები იყო ზუსტი, დროული და პასუხი იმისა, რომ არ შეიძლება ორმაგი სტანდარტით მოქმედება. ფაშიზმია, როცა ყოფილი გენპროკურორი ნიკა გვარამია, რომელიც მენტალურად ისევ წარსულში რჩება, საჯაროდ ემუქრება ყველას, ვინც მისი პარტიის მხარდამჭერი არ არის, საზოგადოებას სიძულვილის ენით მიმართავს და საკუთარ მხარდამჭერებს მასობრივი აგრესიისკენ მოუწოდებს.
ამ ფაშიზმის ნაწილია, როცა შენ, ვისაც უფლებადამცველის ამბიცია გაქვს, არ ახდენ მის შეფასებებს, რითაც ამ მოწოდების თანამზრახველი ხდები. გვარამია ვიცით ვინც არის, რას წარმოადგენს და არც ის გვიკვირს, რატომ არის ფაშისტურ ისტერიაში და აგონიაში ჩავარდნილი დღეს, მაგრამ სამოქალაქო სექტორის წარმოამდგენლებს არ აქვთ უფლება მსგავს მოწოდებებს მშვიდად რომ შეხვდნენ. ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორი და არა ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგზე მორგებული ორგანიზაციების ერთობლიობა. შეიძლება ის ყოველთვის არ იყოს ობიექტური, რადგან ადამიანის უფლებების დაცვა არ არსებობს სუბიექტურობის გარეშე, მაგრამ ეს სუბიექტურობა უნდა ემსახურებოდეს ისევ ჩვენს ხალხს, ქვეყანას და არა პოლიტიკურ პარტიებს“, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი სალომე ზურაბიშვილის დაფინანსების საკითხს „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა. როგორც ნიკა გვარამია წერს: „უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს, აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება”. ამასთან, მისივე შეფასებით, ზურაბიშვილის ყველა მხარდამჭერი “მოღალატის გვერდში დამდგომი ხალხია”.
ცნობისთვის, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები