ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი 2008 წელს აცხადებდა, რომ საქართველო მისი დასავლური არჩევანის გამო დაისაჯა და ადგილი ჰქონდა რუსულ პროვოკაციებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი 2008 წელს აცხადებდა, რომ საქართველო მისი დასავლური არჩევანის გამო დაისაჯა და ადგილი ჰქონდა რუსულ პროვოკაციებს – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტების დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“სალომე ზურაბიშვილი 2008 წელს აცხადებდა, რომ საქართველო მისი დასავლური არჩევანის გამო დაისაჯა და ადგილი ჰქონდა რუსულ პროვოკაციებს. ანუ კონფლიქტის და აგრესიის ინიციატორი 2008 წელს იყო სწორედ რუსეთი და ამას ფრანგულ გამოცემებს სალომე ზურაბიშვილი ეუბნებოდა”,- განაცხადა კობახიძემ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, ძალიან ღია და მკაფიო პასუხი აქვს გაცემული საქართველოს ამერიკელ პარტნიორებს.
„ჩვენ ვიცით რას ეხება საქმე. საქმე ეხება დასმულ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების როლი და შეეძლო თუ არა მათ იმ დანაშაულის პრევენცია, რომელიც ჩაიდინა მაშინ მიხეილ სააკაშვილმა. ეს იყო ლეგიტიმური კითხვები, რომელიც ისმებოდა მაშინ, 2008 წელს და ამას ეხებოდა სალომე ზურაბიშვილის განცხადებებიც. ამ კითხვას ძალიან ღია და მკაფიო პასუხი გასცეს პირველ რიგში, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა. მინდა გითხრათ, რომ ეს პასუხი ნამდვილად არ არის დამამშვიდებელი და სასარგებლო „ნაციონალური მოძრაობისთვის“. გახსოვთ თქვენ კონდოლიზა რაისისა და მაილსის ცნობილი განცხადებები, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ მათ არაერთხელ გააფრთხილეს მიხეილ სააკაშვილი იმის თაობაზე, რომ მის ასეთ ქმედებას აუცილებლად მოყვებოდა ძალიან ცუდი შედეგი. ამის მიუხედავად, სააკაშვილმა სხვანაირად იმოქმედა. როდესაც შენ გაქვს მოღალატეობრივი ჩანაფიქრი, ანუ როდესაც ხარ უბრალოდ ავანტიურისტი, ასეთ დროს არც მეგობრის გაფრთხილებას იღებ ყურად და არც მტრის გაფრთხილებას. ეს იყო ის, რაც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა და ეს კითხვა დაისვა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ისევე, როგორც საზოგადოების მხრიდან 2008 წელს; ამ კითხვას ძალიან ღია და მკაფიო პასუხი გასცეს ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა. იყო არაერთი გაფრთხილება და ამ გაფრთხილების მიუხედავად, სააკაშვილმა ჩაიდინა ის დანაშაული, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოყვა. ნიშანდობლივია ის, რომ ამ დეზინფორმაციულ კამპანიას სათავეში უდგას ის ქალბატონი, რომელიც იყო „მოდელირებული ქრონიკის“ ერთ-ერთი ავტორი, ეს ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ სალომე ზურაბიშვილის 2008 წელს მიცემული ინტერვიუც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის პოზიცია ძალიან მკაფიოა როგორც დასავლურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ასევე რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით.
„მინდა შეგახსენოთ, რას ამბობდა იმ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ მაშინ საქართველო მისი დასავლური არჩევანის გამო დაისაჯა. ვფიქრობ, ზურაბიშვილის პოზიცია ძალიან მკაფიოა როგორც დასავლურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ასევე რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით. იმავე ინტერვიუში საუბარია იმაზე, რომ ადგილი ჰქონდა რუსულ პროვოკაციებს, ანუ ინიციატორი კონფლიქტის და აგრესიის 2008 წელს იყო სწორედ რუსეთი და ამას ფრანგულ გამოცემებს სალომე ზურაბიშვილი ეუბნებოდა. ის სპეციალურად წავიდა საფრანგეთში იმისათვის, რომ ქართული სახელმწიფოებრივი პოზიცია დაეცვა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები