აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით, სრული აბსურდია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს, აღნიშნულია, რომ თბილისში მდებარე ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სრული აბსურდი და რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ნათელი მაგალითია.

„ჩვენ გავეცანით რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით. ეს არის სრული აბსურდი და რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ნათელი მაგალითი. აღვნიშნავ, რომ გერმანიის მხარდაჭერით, საქართველო ნოემბერში აწყობს საერთაშორისო კონვენციასთან შესაბამისობის სავარჯიშოს ლუგარის ცენტრში. რუსებმა მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ლუგარის ცენტრის მისიასა და კონვენციასთან შესაბამისობის სავარჯიშოს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ ლუგარის ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ცენტრს თბილისში. დარწმუნებული ვარ, მოხარული იქნებიან, ისაუბრონ თავიანთ სარგებლის მომტან საქმიანობაზე“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაში.

შეგახსნებთ: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 4 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ი ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მცხოვრებლებზე ექსპერიმენტებს ატარებს. რუსული მხარის მტკიცებით, ტოქსიკური ნივთიერების გამოცდის გამო, 2015 წლის დეკემბერის შემდეგ, ათობით ადამიანი დაიღუპა.

აღნიშნულ განცხადებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთი აგრძელებს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელებას, რიჩარდ ლუგარის ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები