„არცერთ არგუმენტს არ ვეთანხმებით“ – „სვეტის“ ხელმძღვანელების ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ჩვენ მოვისმინეთ სასამართლოს არგუმენტები და არცერთ არგუმენტს არ ვეთანხმებით, – ამის შესახებ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელების ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გელბახიანმა აღნიშნა, ის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

„ჩვენ მოვისმინეთ სასამართლოს არგუმენტები და არცერთ არგუმენტს არ ვეთანხმებით. ბუნებრივია, გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში, თუმცა დიდი მოლოდინი არ გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს საჩივარს, რადგან პრაქტიკა აჩვენებს, რომ არცერთ ასეთ საჩივარს სააპელაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს. მაგრამ ამას გავაკეთებთ ფორმალურად, რათა ზემდგომ ინსტანციებში ეს პროცედურები იყოს გამოყენებული და არ იყოს ამაზე პრეტენზია. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით შპს “სვეტი”, როგორც ბიზნეს სუბიექტი დასრულდა. ყველაფერი სასამართლოს ნამუსზე და სინდისზე იყოს”, – განაცხადა გელბახიანმა.

მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სამშენებლო კომპანია “სვეტის” დამფუძნებელ გივი ჯიბლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა ამავე კომპანიის გენერალურ დირექტორ თორნიკე ჯანელიძესაც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით) ჩადენისათვის სამშენებლო-დეველოპერული კომპანია “სვეტის“ ხელმძღვანელი პირები, გივი ჯიბლაძე და თორნიკე ჯანელიძე დააკავეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები