პრეზიდენტი: ლევან ყიფიანს, რომელიც ჩვენთან ერთად იბრძოდა, თანაგუნდელებმა ზურგი შეაქციეს

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, სპორტის ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანს თანაგუნდელებმა ზურგი შეაქციეს. როგორც მან აღნიშნა, ყველას უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ თანამებრძოლები მსგავს ვითარებაში არ მიატოვებენ.
“თქვენს თანამებრძოლს, იმ ადამიანს, ვინც თქვენიანი იყო, ასე რომ გაწირავთ, არც თქვენ დაგიბრუნდებათ კარგად. ეს მეტყველებს იმაზე, რა სტანდარტებით მოქმედებთ. დღეს ვხედავ, როგორ შეაქციეს ზურგი ჩვენს თანამებრძოლს, ლევან ყიფიანს, ვინც ჩვენთან ერთად იდგა მაშინ, როდესაც ვეღარ ვიხსენებ იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ვხედავ პოლიტიკურ ელიტაში. არცერთი არ მახსოვს ისინი, მაგრამ ლევანი იდგა ჩვენთან ერთად, ლევანი იბრძოდა ჩვენთან ერთად. ლევანი იყო ჩემი კოლეგა მინისტრი, როდესაც ვიყავით მინისტრთა კაბინეტის წევრები. ლევან ყიფიანთან ერთად ვიდექი, ვისთან ერთადაც ვაპროტესტებდით იმ რეჟიმს, რომლის წარმომადგენლები დღეს არიან ხელისუფლებაში, მაშინ კი ადეიშვილის და კეზერაშვილის კაბინეტებში ისხდნენ. არ შეიძლება ასე ზურგის შექცევა ადამიანის მიმართ. ყველას უნდა ჰქონდეს იმის უფლება და იმედი, რომ თანამებრძოლები არ მიატოვებენ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის აღიარება და მასთან დაკავშირებული დებატები გაიხსენა.
“მე მახსენდება წინა ხელისუფლების დროს ჩემი ერთ-ერთი ეთერი, როდესაც მქონდა დებატები “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ წარმომადგენელთან. ეს დებატები შეეხებოდა იმ აღიარებას, რომელიც მაშინ მოვისმინეთ თავდაცვის ყოფილი მინისტრისგან. მაშინ ამ ოპონენტს მთელი არგუმენტები ჰქონდა ხელში, აღჭურვილი იყო მთელი რესურსებით, რომელსაც აწვდიდა სახელმწიფო მანქანა. მე არ მქონდა მასალები არც პროკურატურის მასალების, არც გამოძიების მასალების, მე მაშინ ოპოზიციაში ვიყავი. იმ დებატების დროს ჩემი არგუმენტები ის არგუმენტებია, რასაც ცოტა ხანში დაერქვა სისტემური დანაშაული და სისტემური ძალადობა”,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები