ადვოკატის განცხადებით, „სვეტის” საქმის მასალები, დაახლოებით, ას კილოს იწონის

ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. მათ დრო მოითხოვეს, რათა მასალებს გაეცნონ და ამის შემდეგ მისცემენ ჩვენებებს, – ამის შესახებ სამშენებლო კომპანია „სვეტის” ხელმძღვანელი პირების ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საქმის მასალები, დაახლოებით, ას კილოს იწონის და ორი ტომარაა.
“ედავებიან, რომ თაღლითური გზით მოქალაქეებისგან აიღეს ვითომ ბინების ასაშენებელი თანხები, რომელთა რაოდენობამ მილიონ 600 ათასი დოლარი შეადგინა და მოტყუების გზით ამ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება ან ფული დაებრუნებინათ და/ან ბინა მიეღოთ. სულ, ამ ბრალდებაში, დასახელებულია 66 დაზარალებული და მითითებულია მათ მიერ გადახდილი თანხები. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. მათ დრო მოითხოვეს, რათა მასალებს გაეცნონ და ამის შემდეგ მისცემენ ჩვენებებს. ამჟამად, ისინი დუმილის უფლებას იყენებენ. მე ორი ტომარა მაქვს საქმის მასალები. დაახლოებით, ასი კილო იქნება. ჯერ ის უნდა გავხსნა და ვნახო. ხელშეკრულებას თუ ვადები აქვს, მაშინ ჯერ კიდევ ითვლება სამართლებრივად, რომ მშენებლობის დასრულების ვადები არსებობს”, – განაცხადა გელბახიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით) ჩადენისათვის სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ,,სვეტის“ ხელმძღვანელი პირები გ.ჯ. და თ. ჯ. დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები