“გამოძიების მიზანია, დაადგინოს, რამდენად მიზნობრივად იხარჯებოდა ფონდ „იავნანას“ შემოწირულობებიდან თანხა ბურჭულაძის მეუღლისთვის”

პროკურორ ამირან გულუაშვილის თქმით, პროკურატურა ანგელა ვასილენკოს მიერ დღეს სასამართლოში გამოკითხვაზე გამოუცხადებლობის საკითხზე მსჯელობას გეგმავს.
„იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე გამოკითხვაზე უარს აცხადებს, საგამოძიებო ორგანო შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რომ ის სასამართლოში გამოიკითხოს. ამ შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს გუში მიმართა. დღეს ჩაინიშნა სხდომა და მოწმედ გამოსაკითხი პირი არ გამოცხადდა. შესაბამისად, მის სამართლებრივ სტატუსთან და მის მომავალში დაკითხვასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყება შემდგომ იმსჯელებს. თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამით გამოძიების ინტერესებს საფრთხე ადგება და ვერ ხორციელდება ინფორმაციის დროული მიღება, რადგან მოწმე თავს არიდებს გამოცხადებას როგორც საგამოძიებო უწყებაში, ისე სასამართლოში“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
მისი თქმით, გამოძიების მიზანია ფონდ ,,იავნანას’’ თანხების ხარჯვის კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლის პროცესში გამოარკვიოს, თუ რატომ ფინანსდებოდა უდედმამო და მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისათვის განკუთვნილი თანხებით ფონდის იმჟამინდელი პრეზიდენტის ოჯახის წევრის, კერძოდ მეუღლის მგზავრობის ხარჯები, ასევე რამდენად მიზნობრივად და კანონიერად გაიცემოდა მასზე ფონდიდან ხელფასები და სხვადასხვა სახის თანხები.
შეგახსენებთ, რომ ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებით, პროკურატურაში გამოძიება დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვის მუხლით მიმდინარეობს. საქმეზე ფონდის არაერთი თანამშრომელი, მათ შორის ფონდის დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე გამოიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები