ლევან ყიფიანმა “ზაზა ოქუაშვილის მიერ ორგანიზებულ სპექტაკლში მონაწილეობა” აღიარა (ვიდეო)
ლევან ყიფიანი აღიარებს, რომ ოქუაშვილის მიერ ორგანიზებულ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ოქუაშვილს უცხოელი პარტნიორებისთვის სჭირდებოდა.
აღნიშნულის შესახებ სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“პირველ რიგში მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ჩემს ოჯახს იმ მდგომარეობისთვის, რა მდგომარეობაც ჩემ გარშემო შეიქმნა. მე სასამართლოში მივეცი ჩვენება, მაქსიმალურად ვეცდები ნათელი მოეფინოს ამ მდგომარეობას. მოგახსენებთ, რომ რაც ხდებოდა ამ ფაქტთან დაკავშირებით, ყველამ კარგად მინდა იცოდეს, რომ ამ კომპანიაში ვმუშაობდი 2015 წლიდან. თუმცა, ისე წარმოჩენილი საქმე, რომ აქ მიგზავნილი ვიყავი – არა და არა. მე ვიყავი ამ კომპანიის ნაწილი და მქონდა ხელშეკრულება. ჩემი პირდაპირი ვალდებულება იყო დამემყარებინა კონტაქტი, როგორც სახელისუფლებო, ისე ბიზნესის წარმომადგენლობასთან, რათა მომეხდინა კომპანიის ფინანსური რესურსის დაზოგვა და მის განვითარებაში წვლილის შეტანა. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რა ხდებოდა ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ ალბათ, ეს შეიძლება იყოს სასაცილოც კი, ამ ჩანაწერებში ჩვენ ერთობლივი გეგმა გაგვაჩნდა. ზაზა ოქუაშვილი ჩემთან მოვიდა ზაფხულში. იგი პერიოდულად მიბრუნდებოდა, ხან გავდიოდი კომპანიიდან, ხან გამოვდიოდი. ბოლო შეხვედრისას მან შემომთავაზა მივსულიყავი მასთან და დამიხატა ასეთი სურათი, რადგან მისი ბიზნესი წნეხს განიცდის უცხოელი პარტნიორებისგან, პრობლემებს განიცდის საქართველოში ბიუჯეტის თანხებთან დაკავშირებით. შემომთავაზა, რომ ერთობლივად ჩაგვეწერა მაკომპრომეტირებელი მასალა, რომელიც შემდგომში უნდა წარგვედგინა და მპირდებოდა, რომ ეს იყო მისი შიდა მოხმარებისთვის, ეს უნდა წასულიყო უცხოეთში და ის ფაქტი, რომ მე ვიყავი ყოფილი მინისტრი, ჩემი წარმომავლობა, ოჯახიშვილობა უცხოელებისთვის იქნებოდა დამაჯერებელი. იგი დაარწმუნებდა მათ, რომ საქართველოს ხელისუფლება წნეხს ახორციელებს მასზე და მოხდებოდა ვალდებულებების, დავალიანებების გადავადება, შესაბამისად, ეს პრობლემები მოგვარდებოდა საქართველოშიც… მისი პარტნიორებიც და დირექტორებიც დაადასტურებენ, რომ მე ოქუაშვილს გამუდმებით ვთხოვდი და მივანიშნებდი იმ დავალიანებაზე, რომელიც მას დაუგროვდა ამ სამი წლის განმავლობაში ჩემ მიმართ და ვახსენებდი, რომ ეს დავალიანება გაესტუმრებინა და სწორედ ამაზე აპელირებით, მან ითხოვა, რომ მე მივიღებდი ამ დავალიანებას თუ მას დავეხმარებოდი ამ თემის ხელშეწყობაში. ეს არის ხელშეწყობა ამ ჩანაწერების ერთობლივად განხორციელების“ , – განაცხადა ლევან ყიფიანმა.
ყიფიანის თქმით, ოქუაშვილი ხაზგასმით ამბობდა, რომ აღნიშნული მასალა წავიდოდა უცხოეთში, უცხოელების დასარწმუნებლად.
“ამის შემდეგ იგი მიყვება, რომ პრობლემები წარმოექმნა და თავზე ენგრევა ბიზნესი. ამან გამოიწვია ჩვენი შეთანხმება. ეს, არ ვიცი, ჩემი მხრიდან იყო მიამიტობით, რომ დავხმარებოდი ამ კაცს… მივიღე თამაშის წესები, მივიღე ეს გამოწვევა, განვახორციელეთ ერთობლივად, მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ ეს კაცი თურმე ამ ჩანაწერებს აკეთებს დიდი ხნის განმავლობაში და ის ჩანაწერებიც კი, რომელიც ერთობლივად განვახორციელეთ ის ჩანაწერებიც დამონტაჟებულია. რა თქმა უნდა, მე ჩემს გავლენებს ვიყენებდი, მე მქონდა ნაცნობობა, ამისთვის ვმუშაობდი, ამისთვის გამაჩნდა ის ხელშეკრულება, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება სასამართლოში და გამოძიების შემდგომ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე ვიყავი ამ ორგანიზაციის თანამშრომელი“, – განაცხადა ყიფიანმა.