გერმანიის პარლამენტის წევრი საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილებას გაეცნო
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გერმანიის პარლამენტის დეპუტატი და გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ტორსტენ ჰერბსტი ესტუმრა. ვიზიტის მიზანი სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვის ქართული მოდელის გაცნობა და საჯარო რეესტრის გამოცდილების გაზიარება იყო.
გერმანელ სტუმარს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ივანე ცარციძე და საჯარო რეესტრის პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მარიამ ტურაშვილი შეხვდნენ. მათ სტუმარს უძრავი ქონების შესახებ ამონაწერების ბლოკჩეინში ასახვის პროექტის დეტალები გააცნეს და ვრცლად განუმარტეს მოქალაქისთვის მიღებული სარგებელი.
სამუშაო შეხვედრაზე რეესტრის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს ბლოკჩეინის პროექტის სამომავლო გეგმებზე. კერძოდ, აღინიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო წარმოებაში სანდო კონტრაქტების დანერგვის მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მსოფლიოში პირველი საჯარო უწყებაა, რომელიც 2017 წლის თებერვლიდან უძრავი ქონების რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიას იყენებს. სახელმწიფო რეგისტრაციებსა და ტრანზაქციებში ბლოკჩეინის დანერგვის მთავარი უპირატესობა ამონაწერის სანდოობა და უსაფრთხოების გაზრდაა. დღეის მონაცემებით სისტემაში მილიონ ხუთასი ათასზე მეტი ამონაწერია გაგზავნილი.
სამუშაო შეხვედრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ორგანიზებით გაიმართა.