თამარ ხულორდავა გერმანიის ბუნდესტაგის წევრს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრს, იურგენ ჰარდტს შეხვდა. კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმარს ეროვნული დღესასწაული, გერმანიის გაერთიანების დღე მიულოცა და ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ ისაუბრეს. კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი მჭიდროდ თანამშრომლობს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რათა შენარჩუნდეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და მისგან გამომდინარე დადებითი შედეგები.
„მნიშვნელოვანია გაგრძელდეს მაღალი დონის დიალოგი პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე, რათა საქართველო უკეთ გაიცნოს გერმანულმა საზოგადოებამ. საქართველოზე პოზიტიური წარმოდგენის შესაქმნელად აგრეთვე მნიშვნელოვანია კულტურული ურთიერთობების განვითარება“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ და მაგალითად ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი მოიყვანა, რომელზეც ქართველი მწერლები ფართოდ არიან წარმოდგენილნი.
მხარეებმა ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკაზე და საქართველოში სამშვიდობო ვითარებაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა რეგიონში უსაფრთხო და სტაბილური გარემოს შენარჩუნების ორმხრივ ინტერესს და აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გარემოებაა ქვეყნის განვითარებისთვის.
თამარ ხულორდავამ, გერმანელ კანონმდებელთან, საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესი მიმოიხილა და ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროცესში პარლამენტისა და კომიტეტის როლზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს სამომავლო მიზანი – ევროკავშირში ინტეგრაცია და წევრობა, დაფუძნებულია ქართველი ხალხის სურვილზე, და ეს საკითხი უკვე საკანონმდებლო დონეზეც, საქართველოს კონსტიტუციის მეშვეობით არის აღიარებული.
კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებაც ისაუბრა. აღინიშნა, რომ საქართველოში ახალი მნიშვნელოვანი რეგულაციები, სტანდარტები და ინსტიტუციები მკვიდრდება, რაშიც ევროინტეგრაციის პროცესში ევროპელი პარტნიორების დახმარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს და გერმანიის ფედერაციაში თამარ ხულორდავას სამომავლო ვიზიტის დეტალები მიმოიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები