თაკო სალაყაია: მინდა ვნახო, მაინტერესებს, როგორ არის ფიზიკურად ჩემი მეუღლე
მინდა ვნახო, მაინტერესებს, როგორ არის ფიზიკურად ჩემი მეუღლე. ამის უფლება რატომ არ მაქვს, ვერ ვხვდები, – ამის შესახებ ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლემ, თაკო სალაყაიამ ჟურნალისტებს კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიასთან“ განუცხადა.
სალაყაიას თქმით, მისთვის უცნობია თუ ვინ არის მკურნალი ექიმი.
„მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ ის კლინიკაში იყო გადაყვანილი, რა თქმა უნდა, მოვითხოვე მისი მონახულების უფლება. განცხადება შევიტანეთ, რაზეც დღეს გამცეს პასუხი და მომთხოვეს განმცხადებელი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მსჯავრდებულთან კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი და მკურნალი ექიმის დამადასტურებელი რეკომენდაცია. რომელი მკურნალი ექიმის, მე თვითონაც არ ვიცი. ზუსტად ამიტომ მინდა ვიკითხო, რომელი მკურნალი ექიმის დამადასტურებელი რეკომენდაცია სჭირდებათ?!
მინდა ვნახო, მაინტერესებს, როგორ არის ფიზიკურად ჩემი მეუღლე. ამის უფლება რატომ არ მაქვს, ვერ ვხვდები. არასდროს ყოფილა ჩვენთან რამე შეთანხმებული, არც გამოკვლევა, არც გადაყვანა. მოვითხოვ, რომ ვიცოდე, ვინ არის მკურნალი ექიმი, რატომ არ მიშვებენ, რატომ არ შეიძლება რომ მოვინახულო, წამებაა ადამიანის? რა კვლევებს უტარებენ, იქნებ, არ ვარ თანახმა იმ კვლევების და სხვა კვლევები უნდა გაიკეთოს“, – განაცხადა თაკო სალაყაიამ.