ირაკლი კობახიძემ ბიუროს წევრებს პლენარული სხდომის დღის წესრიგი გააცნო

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს წევრებს პლენარულ სხდომის დღის წესრიგი გააცნო.
დაგეგმილია „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტებთან ერთად პირველი მოსმენით განხილვა.
ორგანული კანონის პროექტი არეგულირებს პროკურატურის ამოცანებთან, პრინციპებთან და უფლებამოსილებებთან, პროკურატურის სტრუქტურულ მოწყობასა და მართვასთან, პროკურატურის სათათბირო და კოლეგიურ ორგანოებთან, საერთაშორისო თანამშრომლობასა და ქვეყნის შიგნით წარმომადგენლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონის პროექტით აგრეთვე რეგულირდება პროკურატურის თანამშრომელთა სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული საკითხები.
პლენარული სხდომის დღის წესრიგის თანახმად, დეპუტატები მესამე მოსმენით განიხილავენ „საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს თანმდევ პროექტებთან ერთად.
კანონის პროექტი ითვალისწინებს „საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებასთან. კანონის პროექტი ითვალისწინებს ტერმინის „სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის“ ჩანაცვლებას ტერმინით „სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოება“. კანონის პროექტით ზუსტდება საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტზე თანახელმოწერის პროცედურა. კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს შესაძლებლობას საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით საქართველოს მთავრობას დაეკისროს ვალდებულება, დადგენილებით ადგილებზე შეიქმნას დროებითი ორგანოები ან/და დანიშნოს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ან/და კომენდანტი და განსაზღვროს მათი უფლებამოსილებანი.
საპარლამენტო უმცირესობის წევრები სერგო რატიანი და ირაკლი აბესაძე ბიუროს სხდომაზე დაინტერესდნენ როდის შეიძლება შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის პარლამენტში დაბარება იმისთვის, რომ მათ პასუხი გასცენ „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებს და ასევე, ისაუბრონ დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებულ დასკვნაში ასახული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე პარლამენტში შსს მინისტრისა და მთავარი პროკურორის დაბარების საფუძველს ვერ ხედავს.
„იმ პირობებში, როდესაც არათუ საფუძვლიანი ეჭვი, უსაფუძვლო ეჭვის საფუძველიც კი არ არსებობს ამ ეტაპზე, აქედან გამომდინარე, მე პირადად თუ მკითხავთ, ვერ ვხედავ, ნამდვილად, ამ ეტაპზე ვერავის დაბარების საჭიროებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეებზე მტკიცებით ფორმაში საუბარი არასწორია.
„პოზიცია არის მთავარი იმ პირების, რომლებსაც დაიბარებს შესაბამისი საპარლამენტო სუბიექტი, მაგრამ ეს არის ჩემი პოზიცია. აქედან გამომდინარე, აქ მე შუამავლად ვერ გამოვდგები. ეს არის თქვენი პოზიცია. შეგიძლიათ, მათ მოუწოდოთ, რომ მონაწილეობა მიიღონ შესაბამის მოსმენაში. ჩემი პოზიცია გაგაცანით, დანარჩენი არის, რა თქმა უნდა, შესაბამისი ორგანოების საქმე. რაც შეეხება კონკრეტულად ამ საქმეს, მტკიცებითი ფორმით არ გირჩევთ საუბარს, და მით უმეტეს, არ გირჩევთ ისეთი ბრალდებების წამოყენებას, რომელსაც თქვენ აყენებთ. ეს ყველაფერი ჩავაბარეთ ჩვენ 2012 წელს. ბიურო არ არის ამის ადგილი. ბიურო არ არის ამის განხილვის ადგილი. რაზეც თქვენ საუბრობთ, ტოტალური კორუფცია, სისტემური კორუფცია, ელიტური კორუფცია, ძალადობა და ასე შემდეგ, ეს არის 2012 წლამდე ხელისუფლების ხელწერა და ეს ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, გამოძიება დაწყებულია და შესაბამისი პირები დაბარებულები არიან.
„გამოძიება არის დაწყებული, არიან დაბარებული შესაბამისი პირები, რომლებიც არიან ამ საუბრების მონაწილეები და ორივე თავს იკავებს იქ საუბრისგან, რაც ბადებს, ბუნებრივია, ეჭვებს. ამ ეჭვებზე ისაუბრეთ თქვენ და არა იმ ეჭვებზე, რომლებზეც საუბრობთ. ეჭვები იქ არის და არა აქ“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა უმცირესობის წევრთა კიდევ ერთ განცხადებას, რომელიც ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, პარლამენტში შსს მინისტრისა და მთავარი პროკურორის დაბარებას ეხებოდა.
„აბსოლუტურად გახსნილი იყო როგორც ერთი, ისე მეორე ორგანო. ისინი მოდიოდნენ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში და აბსოლუტურად ყველა კითხვაზე გაგცეს პასუხი და დარწმუნებული ვარ, რომ ასე მოვლენ და გაგცემენ ყველა კითხვაზე პასუხს. იქაც მტკიცებითი ფორმით საუბარი იმაზე, რომ ვიღაც დანაშაულის მონაწილეა, ფაქტობრივად, ახლა თქვენ დანაშაული დააბრალეთ კონკრეტულ პირებს, თან არასრულწლოვანს. როდესაც ასე ამბობთ, რომ იქ არის ჯგუფურ დანაშაულში მონაწილე პირი, მაშინ თქვით, რომ ჩვენი ეჭვის საფუძველზე.
რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის საქმეს, აქ არავის არ აქვს არც მოსვლის პრობლემა, არც კითხვებზე პასუხის გაცემის პრობლემა და ეს მოხდა საგამოძიებო კომისიის ფარგლებში და იგივე მოხდება ახლაც. და მიზეზი ზუსტად ის არის, რომ დასამალი აქ არაფერი არ არის და ყველაფერი არის ნათელი, ყველაფერი არის ცხადი. არავის არავისთვის ხელი არ დაუფარებია და საბოლოო ჯამში, ამ დასკვნამდე მივიდა, რეალურად, კომისიაც, ოღონდ სხვანაირად წერია და მესმის აბსოლუტურად პოლიტიკური კონიუქტიურიდან გამომდინარე, რომ სხვანაირი დასკვნა თქვენგან ვერ დაიდებოდა, მით უმეტეს, ამ სარჩევნო პროცესში, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც არაერთხელ მითქვამს, რომ საბოლოო შედეგი, ნიუანსებს თუ არ ჩავთვლით, თქვენი კომისიის მუშაობის და საგამოძიებო ორგანოების მუშაობის, იყო ერთი და იგივე. ამაზეა საუბარი და არა ნიუანსებზე და დეტალებზე“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 3 თვის მანძილზე, საგამოძიებო კომისიამ სერიოზული მუშაობა გასწია. რაც შეეხება დასკვნებს, მისი თქმით, უმრავლესობასა და უმცირესობას განსხვავებული პოზიციები აქვს, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით, საჭიროა დამატებით საუბარი.
„ე.ი. ვთანხმდებით და ვთანხმდებით რაზე: ერთი, რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის მუშაობას, სამი თვის განმავლობაში სერიოზული მუშაობა გასწია საგამოძიებო კომისიამ, მე ეს შეფასება პლენარულ სხდომაზეც გავაკეთე, როდესაც დასრულდა ანგარიშის წარდგენა საგამოძიებო კომისიის მხრიდან, შესაბამისად, შეფასება ეს არის და არის მნიშვნელოვანი ნიუანსები, რომლებიც გამოვლინდა საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად, მათ შორის, შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ამის საფუძველზე, ხარვეზებზე საუბარიც. რაც შეეხება ამ დასკვნებს, რაც თქვენ თქვით, იქ გვაქვს განსხვავებული პოზიციები, თუმცა, გეთანხმებით, რომ ამაზე არის დამატებით საჭირო საუბარი და ამას არ მოერიდება, მე დარწმუნებული ვარ, არც შინაგან საქმეთა მინისტრი და არც მთავარი პროკურორი. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ რა თქმა უნდა, უნდა მოვიდნენ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე, მთავარი პროკურორი. არის კითხვები, თუ არის კითხვები, ამ კითხვებს გაეცემა მათი მხრიდან პასუხი და ამის საფუძველზე დავადგენთ ერთად, სად არის ჭეშმარიტება და სად არ არის ჭეშმარიტება, ანუ, გამოდის, რომ საერთო პოზიცია გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით“,-მიმართა უმცირესობის წევრებს ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, ის რასაც საპარლამენტო უმცირესობის წევრები ითხოვენ, ეწინააღმდეგება პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას.
„ზედამხედველობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ვინაიდან პარლამენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ერთ რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ – რაზე ახორციელებს პარლამენტი ზედამხედველობას და როგორ. ის რასაც თქვენ ამბობთ, რომ პირი, რომელიც იძიებს უშუალოდ საქმეს, ნებისმიერ მომენტში მოვიდეს და მიმდინარე საქმის გამოძიებაზე ტრიბუნიდან ილაპარაკოს როგორ მიმდინარეობს გამოძიება, მე მგონი ჩემზე უკეთესად იცით, რომ ეს არის წარმოუდგენელი და არა თუ პარლამენტის მანდატში არ შედის, პირიქით, ეწინააღმდეგება პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაგებას“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პლენარული სხდომის დრის წესრიგში ასზე მეტი განსახილველი საკითხია შეტანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები