საქართველოს კანდიდატი ფილმი „ოსკარზე“ კინოთეატრებში ბრუნდება
საქართველოს კანდიდატი ფილმი „ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის – ზაზა ხალვაშის „ნამე“ კინოთეატრებში ბრუნდება.
როგორც „კვირას“ ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს, მაყურებელთა თხოვნით, „ნამეს“ ჩვენებები კინოთეატრ „ამირანში“ 4-10 ოქტომბერს, 19:30 საათზე, გაიმართება.
„ნამეს“ პირველ ჩვენებას, 4 ოქტომბერს, ფილმის გადამღები ჯგუფი დაესწრება. მაყურებელს კი შესაძლებლობა ექნება, კითხვები დაუსვას ფილმის ავტორებს. დისკუსიას კინომცოდნე თეო ხატიაშვილი გაუძღვება.
„ნამე“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა ტოკიოს ა-კლასის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
ფილმი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთებში, ერთ პატარა, ტრადიციულ სოფელში მცხოვრები მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამეს და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს. ძმებიდან ერთი მასწავლებელია, მეორე – მოლა, ხოლო მესამე – მღვდელი. სოფელში მაჰმადიანები და მართმადიდებლები ერთად ცხოვრობენ. სოფლის ერთ ბოლოში ეკლესია დგას, მეორე ბოლოში კი მეჩეთია.
„ნამე“ სპეციალურად შექმნილმა კომისიამ წელს საქართველოდან „ოსკარის“ კანდიდატ ფილმად შეარჩია.