ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად გახსნილი იყო როგორც შსს, ისე პროკურატურა

აბსოლუტურად გახსნილი იყო როგორც ერთი, ისე მეორე ორგანო, – ასე გამოეხმაურა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უმცირესობის წევრთა განცხადებას, რომელიც ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პარლამენტში შსს მინისტრისა და მთავარი პროკურორის დაბარებას ეხებოდა.
მისი თქმით, აღნიშნული უწყებების წარმომადგენლებმა საგამოძიებო კომისიის ფარგლებში აბსოლუტურად ყველა კითხვას გასცეს პასუხი.
„აბსოლუტურად გახსნილი იყო როგორც ერთი, ისე მეორე ორგანო. ისინი მოდიოდნენ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში და აბსოლუტურად ყველა კითხვაზე გაგცეს პასუხი და დარწმუნებული ვარ, ასე მოვლენ და გაგცემენ ყველა კითხვაზე პასუხს. იქაც მტკიცებითი ფორმით საუბარი იმაზე, რომ ვიღაც დანაშაულის მონაწილეა, ფაქტობრივად, ახლა თქვენ დანაშაული დააბრალეთ კონკრეტულ პირს, თან არასრულწლოვანს. როდესაც ასე ამბობთ, რომ იქ არის ჯგუფურ დანაშაულში მონაწილე პირი, მაშინ თქვით, რომ ჩვენი ეჭვის საფუძველზე. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის საქმეს, აქ არავის აქვს არც მოსვლის, არც კითხვებზე პასუხის გაცემის პრობლემა და ეს მოხდა საგამოძიებო კომისიის ფარგლებში და იგივე მოხდება ახლაც. მიზეზი კი ზუსტად ის არის, რომ დასამალი აქ არაფერი არ არის და ყველაფერი არის ნათელი, ყველაფერი არის ცხადი. არავის არავისთვის ხელი არ დაუფარებია და საბოლოო ჯამში, ამ დასკვნამდე მივიდა, რეალურად, კომისიაც, ოღონდ სხვანაირად წერია და მესმის აბსოლუტურად პოლიტიკური კონიუქტიურიდან გამომდინარე, რომ სხვანაირი დასკვნა თქვენგან ვერ დაიდებოდა, მით უმეტეს, ამ საარჩევნო პროცესში. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც არაერთხელ მითქვამს, რომ საბოლოო შედეგი, ნიუანსებს თუ არ ჩავთვლით, თქვენი კომისიის მუშაობის და საგამოძიებო ორგანოების მუშაობის, იყო ერთი და იგივე. ამაზეა საუბარი და არა ნიუანსებსა და დეტალებზე”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 3 თვის განმავლობაში, საგამოძიებო კომისიამ სერიოზული მუშაობა გასწია. რაც შეეხება დასკვნებს, მისი თქმით, უმრავლესობასა და უმცირესობას განსხვავებული პოზიციები აქვს, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით, საჭიროა დამატებით საუბარი.
„ე.ი. ვთანხმდებით რაზე: ერთი, რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის მუშაობას – სამი თვის განმავლობაში სერიოზული მუშაობა გასწია საგამოძიებო კომისიამ, მე ეს შეფასება პლენარულ სხდომაზეც გავაკეთე, როდესაც დასრულდა ანგარიშის წარდგენა საგამოძიებო კომისიის მხრიდან, შესაბამისად, შეფასება ეს არის და არის მნიშვნელოვანი ნიუანსები, რომლებიც გამოვლინდა საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად, მათ შორის, შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ამის საფუძველზე, ხარვეზებზე საუბარიც. რაც შეეხება ამ დასკვნებს, რაც თქვენ თქვით, იქ გვაქვს განსხვავებული პოზიციები, თუმცა, გეთანხმებით, რომ ამაზე არის საჭირო დამატებით საუბარი და ამას არ მოერიდება, მე დარწმუნებული ვარ, არც შინაგან საქმეთა მინისტრი და არც მთავარი პროკურორი. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ, რა თქმა უნდა, უნდა მოვიდნენ, როგორც შს მინისტრი, ასევე, მთავარი პროკურორი. არის კითხვები? თუ არის კითხვები, ამ კითხვებს გაეცემა მათი მხრიდან პასუხი და ამის საფუძველზე დავადგენთ ერთად, სად არის ჭეშმარიტება და სად არ არის ჭეშმარიტება, ანუ, გამოდის, რომ საერთო პოზიცია გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით”, – მიმართა უმცირესობის წევრებს ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა უმცირესობის წევრთა განცხადებას „ომეგა ჯგუფის” საქმეზე, პარლამენტში შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის დაბარების შესახებ და აღნიშნა, რომ თავად „ომეგა ჯგუფის” საქმეზე პარლამენტში შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის დაბარების საფუძველს ვერ ხედავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები