დავით მათიკაშვილი: “ომეგასთან” დაკავშირებით გავრცელებულმა ჩანაწერებმა უნიჭო დრამატურგიის ასოციაცია შექმნა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი2”-ზე გასულ ფარულ ჩანაწერებს, რომელიც “ომეგა ჯგუფს” უკავშირდება უნიჭო დრამატურგიას უწოდებს.
მისივე შეფასებით, ეს “ნაცმოძრაობის” მხრიდან მართული პროცესია.
მათიკაშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ეს ჩანაწერები გაყალბებული იყოს.
„პირადად ჩემში ამ ჩანაწერებმა უნიჭო დრამატურგიის ელემენტების ასოციაცია შექმნა. აშკარად ეტყობა ამ ყველაფერს, რომ ეს არის მართული პროცესი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ისეთ ბრალდებებს უყენებენ „ქართულ ოცნებას“, რაც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვეულებრივი ყოველდღიური საქმიანობა იყო. ამით ცდილობენ არჩევნებში ერთგვარი დესტრუქციის შეტანას.
მნიშვნელოვანია ის, რაც ორი დღის წინ ვნახეთ, რომ ამ ჩანაწერების ერთი სერია აღმოჩნდა ყალბი, ინსინუაციებით შექმნილი და საზოგადოების წინაშე ტყუილით წარმოდგენილი. ვფიქრობთ, რომ სხვა ჩანაწერებსაც, ამ კუთხით, იგივე შინაარსი გააჩნია. არ არის გამორიცხული, აბსოლუტურად ყველა გაყალბებული იყოს. შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროკურატურაში მიმდინარე პროცესს, რომ საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას, რომელიც დაგროვდა, გაეცეს პასუხი,“, – განაცხადა მათიკაშვილმა.