საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟი დაფუძნდება

საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟი დაფუძნდება. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მემორანდუმს ხელს 20 დეკემბერს, პარიზში მოაწერს.
როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს მთავრობა 2 წელზე მეტია მუშაობს იმისათვის, რომ საქართველოში მოიზიდოს საარბიტრაჟო სფეროში მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ინსტიტუტები. იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოებული მოლაპარაკებები საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან (ICC International Court of Arbitration) წარმატებით დასრულდა და 20 დეკემბერს მასთან ურთიერთგაგების მემორანდუმს, პარიზში, საზეიმო ვითარებაში მოეწერება ხელი. მემორანდუმი აყალიბებს საქართველოსა და საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან თანამშრომლობის ძირითად პრინციპებს, რომლის თანახმადაც, მემორანდუმის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში მხარეები ერთობლივად იმუშავებენ შესაბამისი საკანონმდებლო, ინფრასტრუქტურული და სასწავლო მიმართულებებით და ერთი წლის თავზე შეაჯამებენ ერთობლივი ძალისხმევის შედეგებს და განსაზღვრავენ იმ ფორმას, რომლითაც საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო სასამართლო წარმოდგენილი იქნება საქართველოში.
“ამ ნაბიჯით საქართველოს ბიზნეს და საარბიტრაჟო რეგიონულ ჰაბად ტრანსფორმირების პროექტი, რომელზეც ჩვენი მთავრობა მიზანსწრაფულად მუშაობს, რეალობა ხდება. ჩვენს ქვეყანას ამისათვის კარგი პოტენციალი გააჩნია და, როგორც მემორანდუმის ხელმოწერის მიზნებისთვის წარმოებული მოლაპარაკებებისას არაერთხელ აღინიშნა, ეს პოტენციალი ეფუძნება განვითარებულ კანონმდებლობას არბიტრაჟის შესახებ, საარბიტრაჟო და მთლიანობაში დავის ალტერნატიული საშუალებებით მოგვარების წინ წასულ კულტურასა და საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცედურებთან სრულად თავსებად ქართულ სამოსამართლო პრაქტიკას (arbitration-friendly Georgian judiciary). გეოპოლიტიკური მდგომარეობა, მრავალენოვნება და განვითარებული სამართლებრივი და ინსტიტუციური გარემო, ასევე, საქართველოს უპირატესობაა”, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები