ლევან ყიფიანმა პროკურატურისთვის ჩვენების მიცემაზე უარი თქვა
სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ფარული ჩანაწერების საქმეზე, დღეს მოწმის სტატუსითგამოკითხვაზე პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა მან ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
როგორც “კვირას” პროკურატურაში განუცხადეს, ლევან ყიფიანს სასამართლოში ხვალ გამოკითხავენ.
ასევე, პროკურატურის განცხადებით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გამოკითხვაზე დაიბარეს ზაზა ოქუაშვილი.
საუბარია სატელეფონო ჩანაწერზე, რომელშიც, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი (2012-2015 წლებში) ლევან ყიფიანი ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს ელაპარაკება. საუბარში ბიძინა ივანიშვილის ნათესავის, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის სახელიც ფიგურირებს, რომელიც თითქოს „ომეგა ჯგუფის“ პრობლემებს აგვარებდა, სანაცვლოდ კი ორ მილიონს ითხოვდა. უჩა მამაცაშვილმა ბრალდება უარყო და პროკურატურას საქმის გამოძიების დაწყება სთხოვა.
პირველი ჩანაწერი რამდენიმე კვირის წინ “იბერიას” ეთერში გამოქვეყნდა, რომლის მფლობელიც “ომეგა ჯგუფია”. არხი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება „ომეგას“ ბიზნესზე ზეწოლით მას ავიწროებს და „თავისუფალი სიტყვის ჩახშობა სურს“. ფინანსთა მინისტრმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ „ომეგა ჯგუფს“ 51 მილიონ ლარზე მეტი საგადასახადო დავალიანება აქვს და სახელმწიფოსგან შეღავათიანი რეჟიმის დაწესების მიუხედავად ვალის გადახდა არ სურს, ტელევიზიას კი შანტაჟისთვის იყენებს.
„ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებული სავარაუდო კორუფციული სკანდალის ფარული ჩანაწერის ერთ-ერთი ფიგურანტია კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ნოდარ ხადური. ის ჩანაწერს ცრუს უწოდებს და „ომეგას“ საქმესთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
პატივისა და ღირსების შელახვისთვის სამართლებრივ დავას აპირებს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
“იბერიისა” და “ომეგა ჯგუფის” თემას 12 სექტემბერს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური სანქციების დაწესებისგან მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას. ბახტაძის თქმით, უწყებებმა კომპანია 11-ჯერ გააფრთხილეს, თუმცა ამის შემდეგ ვალი კიდევ უფრო გაიზარდა.
14 სექტემბერს სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიცია დატოვა. 17 სექტემბერს კი ის პროკურატურაში გამოკითხეს.