ტაქსების სისუფთავე და მომხმარებელთა კომფორტი მაქსიმალურად უზრუნველყოფილია – ავთანდილ ცინცაძე

მერიის გადაწყვეტილების თანახმად, მიმდინარე წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული მარცხენასაჭიანი და ოთხკარიანი ტაქსის მძღოლები ავტომობილების თეთრად შესაღებად უფასო ვაუჩერს მიიღებენ. უფასო იქნება, ასევე, მანქანის სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერები, რომელთაც მძღოლები ავტომობილში სანიტარული მდგომარეობის მოსაწესრიგებლად გამოიყენებენ.
როგორც თბილისის საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე “სითი კვირასთან” საუბრისას განმარტავს, ვაუჩერის აღება ნებაყოფლობითია და მისი მოხმარების შემთხვევაში, ავტომობილზე, 2 წლის განმავლობაში, იმ კომპანიის რეკლამა განთავსდება, რომელიც ტენდერში გაიმარჯვებს და მძღოლებს მანქანების უფასოდ გადაღებვისა და სალონის უფასოდ გაწმენდის საშუალებას მისცემს. მძღოლს ისიც შეუძლია, სარეკლამო სივრცე თავისთვის გამოიყენოს და სასურველი რეკლამით შეავსოს.
“ამ გადაწყვეტილებით, მძღოლებს ერთი თეთრის გადახდაც არ მოუწევთ და თანხა ბიუჯეტიდანაც არ დაიხარჯება, რაც, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით, თბილისის მერიამ შეიმუშავა რეფორმის ისეთი სტრუქტურა და კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც ტაქსების სისუფთავე და მომხმარებელთა კომფორტი მაქსიმალურად უზრუნველყოფილია”- განმარტავს მაჟორიტარი და აქვე აღნიშნავს, რომ დედაქალაქის მასშტაბით, უკვე შერჩეულია 60-ზე მეტი ლოკაცია, რომელსაც 250-მდე ტაქსი სადგომად გამოიყენებს.
მისივე თქმით, სადგომების გამოყენებაც უფასო იქნება და მხოლოდ ტაქსის მძღოლებს შეეძლებათ. ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშულების მძღოლი, რომელიც ტაქსებისთვის გამოყოფილ ადგილს დაიკავებს, დაჯარიმდება.
ავთანდილ ცინცაძე მიიჩნევს, რომ ქალაქის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული, ზემოხსნებული გადაწყვეტილებები საუკეთესოდ მეტყველებს მერიის პრიორიტეტებზე და პასუხს სცემს იმ არასწორ ბრალდებებს, რომლებიც ქალაქის ხელმძღვანელობის მისამართით გაისმა.
“ეს ნაბიჯები საუკეთესო არგუმენტია საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გავრცელებული აზრის საპირწონედ, თითქოს, ტაქსების რეგულაციები მიზნად არა არსებული ვითარების გამოსწორებას და მოსახლეობის უსაფრთხოების გაუმჯობესებას, არამედ ფინანსურ სარგებელს და ბიუჯეტში დამატებითი თანხების მობილიზებას ისახავს. ვფიქრობ, მერიის ამ გადაწყვეტილებებმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა ყველა, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი ჩვენი მოქალაქეები არიან.”- აღნიშნავს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები