“სამი არასრულწლოვნის დედის გასათავისუფლებლად ყველა შესაძლო არხი ამოქმედებულია”
ამ წუთისათვის ქალბატონის გასათავისუფლებლად აბსოლუტურად ყველა შესაძლო არხი ამოქმედებულია, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სოფელ ბობნევიდან მაია ოთინაშვილის გატაცების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მომხდარი განსაკუთრებით შემაშფოთებელი, საგანგაშო და სამარცხვინოა.
როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, აპარატის თანამშრომლები გუშინ ადგილზე იმყოფებოდნენ, შეხვდნენ ოჯახს და თავად მოინახულეს ის ადგილიც, სადაც უკანონო დაკავება მოხდა.
„ეს ფაქტი არა მხოლოდ არასამართლებრივი, არამედ არაადამიანური დამოკიდებულების გამოხატულებაა, ვინაიდან საუბარია სამი არასრულწლოვანი შვილის დედაზე, რომელიც საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში დააკავეს. აპარატის თანამშრომლები გუშინ ადგილზე იმყოფებოდნენ, შეხვდნენ ოჯახს და თავად მოინახულეს ის ადგილიც, სადაც უკანონო დაკავება მოხდა – საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე მეტრში. ეს ადამიანი იქ მუდმივად ცხოვრობს და საქმიანობს. ეს ძალიან მძიმე პროვოკაცია და აბსოლუტურად მიუღებელი მოქმედებაა. ვერანაირ ბრალდებაზე ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ, რომ ამას არანაირი ლეგიტიმაცია და გამართლება არ აქვს.
ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. ამ წუთისათვის ქალბატონის გასათავისუფლებლად აბსოლუტურად ყველა შესაძლო არხი ამოქმედებული გახლავთ. მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, ცხელი ხაზით კომუნიკაცია გრძელდება, ასევე გრძელდება კომუნიკაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობასთან და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან. ვიყენებთ სხვა არხებსაც, რომლითაც შესაძლებელია შედეგის მიღწევა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქალბატონის მდგომარეობა. გუშინდელი დღიდან ინფორმირებულია და ჩართულია “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტი. იგი ერთადერთი ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომელსაც ცხინვალის რეგიონში წვდომა აქვს. ცხადია, მათი მხრიდან ყველა ის ღონისძიება ტარდება, რაც დაკავებული ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ოჯახისათვის ინფორმაციის მიწოდებასთანაა დაკავშირებული. ეს კომუნიკაცია დღის განმავლობაშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. მესაზღვრეებმა 37 წლის მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დააკავეს.