“როგორც “ნაცმოძრაობა” დაიმსხვრა ნაწილებად, ისე დაიმსხვრევა ეკა გიგაურის, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველის, პორტრეტი”
როგორც “ნაციონალური მოძრაობა” დაიმსხვრა ნაწილებად ზუსტად ისე დაიმსხვრევა ეკა გიგაურის, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველის პორტრეტი, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა.
მისი ინფორმაციით, მომდევნო პროცესზე ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე უნდა დაიკითხონ.
“შემდეგ პროცესზე მოიყვანენ ვანო მერაბიშვილს და ბადრი ბიწაძეს, ისინი დაადასტურებენ ან არ დაადასტურებენ (მათი ნებაა) საკუთარ ხელმოწერებს და ბრძანებებს. როდესაც ქალბატონი გიგაური არ მობრძანდება პროცესზე, რომლის ინიციატორიც თავად იყო, ეს ყველაფერი ერთად ჯდება იმ სქემაში, რომლის მომსწრენიც ჩვენ ვართ. მიდის ზეწოლა არა მხოლოდ საზოგადოებაზე, არა ცალკეულ პირებზე, არამედ სასამართლოზე. გიგაური ემალება სასამართლოს და ცდილობენ ფონის შექმნას, რომ თითქოს პრობლემები სასამართლოშია და არა მათ ზნეობაში, მოქმედებაში, იმ გეგმაში, რომელსაც მიხეილ სააკაშვილთან და ახლა უკვე ოქუაშვილთან ერთად ახორციელებს ეკა გიგაური. მაგრამ როგორც “ნაციონალური მოძრაობა” დაიმსხვრა ნაწილებად, ზუსტად ისე დაიმსხვრევა, მაგათი პორტრეტი და ეკა გიგაურის, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველის, პორტრეტი. ეკა გიგაური იყო ბადრი ბიწაძის მოადგილე, იმის მიხედვით რა საბუთებიც გაგვაჩნია, გიგაური იყო ადამიანი, რომელმაც 7 ნოემბერს ქართული საზოგადოების დამრბეევ ჯალათებს წახალისების მიზნით მადლობა და ფული გადაუხადა, და ამაში ვადაზე ადრე თვითონაც მიიღო კაპიტნის წოდება. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტს ვერც გიგაური, ვერც მერაბიშვილი და ვერც სააკაშვილი ვერსად ვერ გაექცევიან”, -განაცხადა ხაინდრავამ.
თბილისის საქალაქო სასამართლო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თავმჯდომარის ეკა გიგაურის სარჩელს განიხილავს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავას და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში უჩივლა.
გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ აქვს ბრძანება, რომელიც ეკა გიგაურისთვის კაპიტნის წოდების ვადაზე ადრე მინიჭებას ადასტურებს.