ბექა დავითულიანი: თბილისის მერის ინიციატივის შემდეგ, ტაქსების რეგულაციის თემაზე ყოველგვარი სპეკულაცია უნდა დასრულდეს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი, დედაქალაქის მერის კახა კალაძის ტაქსების გადაღებვასთან და ქიმწმენდის ვაუჩერების გადაცემასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და დადებითად შეაფასა.
დავითულიანის განცხადებით, თბილისის მერმა გააჟღერა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლითაც ტაქსების რეგულაციის თემაზე ყოველგვარი სპეკულაცია უნდა დასრულდეს. ინიციატივა შეეხება თეთრი ფერის ტაქსების საკითხს, რომელიც 2019 წლიდან შემოდის რეგულაციაში.
„სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება, ტაქსების სფეროს რეგულირება ხდება იმგვარად, რომ ქალაქი იღებს მაქსიმალურ სარგებელს, წესრიგდება მთლიანად ეს სფერო და ამავდროულად, მინიმალური დისკომფორტი ექნებათ თავად დასაქმებულებს. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, მათ, ვინც 2018 წლის 10 ოქტომბრამდე დაარეგისტრირებს მანქანას, უსასყიდლოდ გადაეცემათ ავტომანქანის სალონის ქიმიურის წმენდის ვაუჩერები და ასევე უფასოდ შეძლებენ მანქანების გადაღებვას. მნიშვნელოვანია ის საკითხიც რომ, არც დედაქალაქის ბიუჯეტს და არც თავად დასაქმებულებს არც ერთი თეთრი არ დაუჯდებათ ეს პროცესი. ამას მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია გააკეთებს“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.
საკრებულოს წევრის თქმით, კერძო კომპანია ამ სამუშაოს ტაქსებს სარეკლამო სერვისის სანაცვლოდ გაუკეთებს და ეს იქნება ტაქსისტებისთვის არჩევითი.
„ნებისმიერ ტაქსის მძღოლს შეუძლია თავად აირჩიოს, თვითონ გადაღებოს მანქანა და სარეკლამო თანხა ტაქსზე განთავსებული ბანერიდან თავად აიღოს, ან თუ სურვილი ექნება, ორწლიანი სარეკლამო ვალდებულების სანაცვლოდ, კონკურსში გამარჯვებული კომპანია გადაუღებავს. ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ ტაქსების მძღოლებს ტვირთად არ დააწვეთ გადაღებვის ხარჯები. ვინაიდან დასაქმებულთა გარკვეულმა ნაწილმა გამოთქვა წუხილი იმის გამო, რომ არ აქვთ შესაბამისი თანხა, მუნიციპალიტეტმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება“,- დასძინა ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები